კორონავირუსი საქართველოში

ბათუმის ბულვარში, შესაძლოა, 2 კარავი დაიდგას Covid-19-ზე ნებაყოფლობითი ტესტირებისთვის

TV 25

ბათუმის ბულვარში, შესაძლოა, ორი კარავი დაიდგას, სადაც მსურველებს ახალ კორონავირუსზე ნებაყოფლობით ჩაუტარებენ ტესტირებას. 

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე თქვა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობს იმაზე, რომ ბათუმის ბულვარში ნებაყოფლობითი ტესტირებისთვის ორი კარავი დაიდგას. 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ საბჭოს ჰქონდეს ინფორმაცია, რა ეპიდემიური მდგომარეობაა აჭარაში. 

"ქობულეთში და აჭარის რეგიონში დღეს საკოორდინაციო საბჭოზე განვიხილეთ ტესტირების გაფართოება პრევენციული მიზნით. დღეს მომზადდება მასალები და აღწერა, თუ რამდენი ღამის კლუბი, რამდენი ბუნგალოა აჭარაში, ძირითადად, ქობულეთსა და ბათუმში, რამდენი თანამშრომელი მუშაობს და ყველას სავალდებულო დიაგნოსტირება დაიწყება. 

ასევე, ვფიქრობთ და ვმუშაობთ საკითხზე, რომ ბათუმის ბულვარში ორი კარავი დაიდგას და ნებაყოფლობით ადამიანებს შევთავაზოთ ტესტირება, რადგან გვქონდეს ინფორმაცია ინფექცია აჭარის რეგიონში ტრიალებს თუ არა". – ამბობს ამირან გამყრელიძე. 

NCDC-ის ხელმძღვანელმა ეს გადაწყვეტილება ტურისტული სეზონით განმარტა, ვინაიდან ზაფხულის სეზონზე აჭარაში დამსვენებლების რიცხვი საგრძნობლად იმატებს. 

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ახალი კორონავირუსის სულ 1 361 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც, 1 098 გამოჯანმრთელდა, 17 ადამიანი კი გარდაიცვალა. 

კომენტარები