ავტოსაგზაო შემთხვევა

POG: 25 წლის ქალი, რომელიც ფონიჭალაში 7 ქვეითს დაეჯახა, ნასვამი იყო, პატიმრობას ვითხოვთ

პროკურატურამ ქვემო ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 25 წლის ქალს ბრალდება წარუდგინა. გამოძიება დაკავებულ პ.გ-ს ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევას და განსაცდელში მიტოვებას ედავება. პროკურატურის ცნობით, ბრალდებული მანქანის მართვის დროს ნასვამი იყო. ბრალდების მხარე პ.გ-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. 

"დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ღამის საათებში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პ.გ-მ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და ყოველგვარი ხელისშემშლელი პირობების გარეშე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დაეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას და მის უკან მდგომ ქვეითებს: მ.მ-ს, ე.ა-ს, რ.ა-ს, ა.მ-ს, ა. მ-ს, ე.ა-სა და ე.მ-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ე.ა. და ე.მ. შემთხვევის ადგილზე, ხოლო ა.მ. და მ.მ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ, სხვა დაშავებულები მოთავსებული არიან სამედიცინო დაწესებულებაში." – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეცხრე ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა მძღოლის მიერ, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პ.გ-ს 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები