საზოგადოებრივი მაუწყებელი

"პარლამენტი, სამინისტრო... გამორიცხეთ" – მაღლაფერიძე ოცნების სიაში შესაძლო ყოფნაზე

პირველი არხი

ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც დღეს, 18 აგვისტოს საზოგადოებრივი ტელე-რადიო მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა, ამბობს, რომ გამორიცხავს პოლიტიკაში წასვლას, მათ შორის, ქართული ოცნების საპარლამენტო სიაში ყოფნას. 

"პარლამენტი, სამინისტრო, ეს, ის, ყველანაირი შეთქმულების თეორია, თუ გინდათ, ბელარუსიც მიაყოლეთ, გამორიცხეთ". – უთხრა მაღლაფერიძემ მედიას. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის უკვე ყოფილი დირექტორის თქმით, ის პირველ არხზე გასულ გადაცემა ტელესკოლაში ორ პროექტზე გააგრძელებს მუშაობას, რომელიც მისივე თქმით, იანვრამდე დამთავრდება. 

"იანვრის შემდეგ შევხედოთ როგორ იქნება ეს ყველაფერი". – თქვა მაღლაფერიძემ. 

მისი განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ უნდა გაჩნდეს წინასაარჩევნოდ მისი დამოუკიდებლობის შესახებ კითხვები, ვასილ მაღლაფერიძე "უაზროდ" აფასებს და ამბობს, რომ  არ გაჩნდეს, იმიტომ მიდის. 

გადადგომის შესახებ დაწერილ განცხადებაში ვასილ მაღლაფერიძე წერდა, რომ დარწმუნებულია, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, თუმცა, "იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ".

ვასილ მაღლაფერიძე 2014 წლიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ზე გადაცემა 2030-ის გენერალური პროდიუსერი იყო, 2012 წელს ასევე ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი მეცხრე არხის დირექტორის მოადგილე იყო, ამავე არხზე მას მიჰყავდა გადაცემა "კონსილიუმი". მაღლაფერიძე იყო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი და გუბერნატორი, აგრეთვე იყო სხვადასხვა ჟურნალისა თუ გაზეთის რედაქტორი.

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დირექტორად 2017 წლის იანვარში აირჩია. მას მხარი საბჭოს ორმა წევრმა არ დაუჭირა. ერთერთი, სულხან სალაძე ამბობდა, რომ მაღლაფერიძის არჩევა საბჭოს წევრების დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ იყო.

კომენტარები