ევროკავშირი-ბელარუსი

ევროპარლამენტარები ბელარუსში ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

EU

ევროპარლამენტარები, ევროპის სახალხო პარტიის, სოციალისტებისა და დემოკრატების, განაახლე ევროპის, მწვანეების და ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ბელარუსში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ისინი ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და გმობენ მშვიდობიანი მომიტინგეების წამებას და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

"9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. სანდო ანგარიშები სვეტლანა ტიხანოვსკაიას გამარჯვებაზე მიუთითებს. შესაბამისად, ჩვენ არ ვცნობთ ალქესანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის ხელახლა არჩეულ პრეზიდენტად და მას ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად მივიჩნევთ. ვუერთდებით ბელარუსი ხალხის მოთხოვნას ახალი და თავისუფალი არჩევნების თაობაზე, დამოუკიდებელი დამკვირვებლების მეთვალყურეობით. ვგმობთ, მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებას, ძალის გამოყენებას და წამებას და ამ დანაშაულების გამოძიებას მოვითხოვთ. ისინი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ვახსენებთ ლუკაშენკოს საკუთარ პასუხისმგებლობებს. მკაცრად ვგმობთ ინტერნეტის და მედიის დაბლოკვას, გზების ბლოკადად, ჟურნალისტების დაშინებას ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციის გავრცელების შესაჩერებლად. მოვუწოდებთ, უსამართლოდ დაკავებულების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რომლებიც საარჩევნო კამპანიამდე და მისი მიმდინარეობისას დააპატიმრეს". – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები მიესალმებიან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას შავ სიაში შეიყვანონ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბელარუსში ძალადობაზე და არჩევნების გაყალბებაზე. მათ სურთ პასუხისმგებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები, დაუწესდეთ სამოგზაურო შეზღუდვები და გაეყინოთ ანგარიშები.

"ევროკავშირს შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი ბელარუსში დემოკრატიისა და მშვიდობისათვის, მათ შორის, გააძლიეროს ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების დახმარება და დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს ფინანსური დახმარება მთავრობასა და სამთავრობო პროექტებს". – ნათქვამია განცხადებაში.

ისინი გამოდიან ინიციატივით, ევროკავშირის პროგრამების ფოკუსი გახდეს რეპრესირებული ხალხის და მათი ოჯახების დახმარება. მათ მიაჩნიათ, რომ ევროკავშირმა ოფიციალურ მინსკთან ურთიერთობები უნდა გადააფასოს, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატშიც. ევროპარლამენტარებს სურთ, ბელარუსში სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნოს, რომელიც ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას შეუწყობს ხელს, ბელარუსის მოსახლეობის სურვილების შესაბამისად.

"მოვუწოდებთ, რუსეთს თავი შეიკავოს ჩარევისაგან, იქნება ეს პირდაპირი თუ ფარული, ბელარუსის შემდეგ არჩევნებში და მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ ქვეყნებს იყონ ყურადღებით, რათა წინ აღუდგნენ რუსეთის ქმედებებს ამ მიმართულებით". – ნათქვამია განცხადებაში.

უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. 

ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს, რომელმაც დღეს, 17 აგვისტოს გაფიცულ მუშებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ სანამ არ მოკლავენ, ახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

კომენტარები