ბელარუსი

პაპი ფრანცისკე ბელარუსზე: მოვუწოდებ სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ

AFP

პაპი ფრანცისკე ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წმიდა საყდარი ყურადღებით ადევნებს თვალს ქვეყანაში არჩევნების შემდეგ შექმნილ ვითარებას. მისი თქმით, ქვეყანაში უარი უნდა თქვან ძალადობაზე და პატივი სცენ ადამიანის უფლებებს.

"ჩემი ფიქრები ძვირფას ბელაურსთანაა. ყურადღებით ვადევნებ თვალს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და მოვუწოდებ დიალოგის, ძალადობის უარყოფის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ". – ამბობს პაპი ფრანცისკე

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9%, რასაც ხალხის მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი.

ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ სამოქალაქო პროტესტის გააქტიურებიდან მეორე დღეს ბელარუსი დატოვა. ტიხანოვსკაიას გუნდის ცნობით, ის პროტესტს "შესაძლო პროვოკაციების" გამო არიდებს თავს. მოგვიანებით გავრცელდა მისი ვიდეომიმართვა, რომელშიც მან დემონსტრანტებს კანონის დაცვის, შეკრებისგან თავის შეკავებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ევროკავშირის გაფრთხილების და პატიმრების არ გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლო სანქციების დაწესებაზე საუბრის შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ დაკავებულების გათავისუფლება დაიწყო. ბელარუსში გათავისუფლებულები პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ცემის ფაქტებზე ყვებიან.

ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ახლა მუშაობას იწყებს არჩევნების გაყალბებასა და ბელარუსში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ბელარუს ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება. პომპეო წერს, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ის გმობს მომიტინგეების მიმართ გამოყენებულ ძალადობასა და ოპოზიიცის მომხრეთა დაკავებებს და ბელარუსის მთავრობას მოუწოდებს, რომ პატივი სცეს თავიანთი მოქალაქეების უფლებებს.

კომენტარები