კორონავირუსი საქართველოში

ამირან გამყრელიძე: ქობულეთში საპანიკო არაფერია, პროცესი მალე ჩაქრება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქობულეთში სიტუაცია კონტროლირებადია. 

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პირის ყველა კონტაქტი გამოკვლეულია. 

"ქობულეთში არაფერი საპანიკო არ არის. შემთხვევა დადასტურდა ერთ-ერთ კაფეში, სადაც ღია სივრცეში ხალხის შეკრება იყო. სამივე ინფიცირებული თბილისიდან არის ჩამოსული. ისინი ზაფხულობით დასაქმებულები არიან ქობულეთში. გამოკვლეულია ყველა კონტაქტი. თვითონ ამ კაფე-ბარში გამკაცრებულია რეგულაციები, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევები და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები. დაახლოებით, 91 ადამიანია გამოკვლეული. ვფიქრობთ, ქობულეთში პროცესი მალე ჩაქრება. ასე, რომ ზაფხულის სეზონს არავითარი საშიშროება არ ემუქრება". – ამბობს ამირან გამყრელიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ქობულეთის ერთერთ კაფეში მომუშავე ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეს კაფე ჰავანაში მომუშავე კიდევ ორ პირს გამოუვლინდა კორონავირუსი. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1336 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1088 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები