ბრალდებულის ადვოკატი: პროკურატურას 5 ადამიანზე უნდა ჯოხის გადატეხვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ჯოხი ხუთ პირზე გადატეხონ და ამით საგამოძიებო ველი დააწვრილონ.

კობაიძე ამბობს, რომ ხუთ დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ისე წარედგინათ, რომ პროკურატურას არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

"უყურეთ ამათ, რა გააკეთეს, როგორ დააწვრილეს საგამოძიებო ველი. ხუთ პირზე უნდათ, რომ ჯოხი გადატეხონ, სხვა ადამიანებს საერთოდ არ ეხებიან. მაგალითად, ბატონ ამირხანაშვილს, ბატონ ახვლედიანს... ჩემგან არასდროს ყოფილა კონკრეტულ პიროვნებებზე მინიშნებები. მე ვიძახი, რომ ობიექტურად უნდა მოხდეს ამ საქმის შესწავლა, გაანალიზება, მითუმეტეს, როდესაც ესეთი ტრაგედიაა. თუმცა, ეს არ მოხდა, დააწვრილეს საგამოძიებო ველი და აღარ აქვთ სურვილი, რომ სხვა პირების მიმართაც გამოიკვეთოს რაიმე ფორმით ბრალეულობა." – თქვა მან ტელეკომპანია პირველის ეთერში.

გიორგი შაქარაშვილი საქმის თვენახევრიანი მოკვლევის შემდეგ დღეს, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ხუთ დაკავებულს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია.

პროკურატურის ცნობით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი ამ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 6 არასრულწლოვანია.

კომენტარები