ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

ბელარუსის ცესკო: ლუკაშენკომ ქვეყნის ყველა რაიონში გაიმარჯვა

ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის ყველა რაიონში გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის ცესკო-ზე დაყრდნობით, რია ნოვოსტი ავრცელებს. საუბარია იმ ოლქებზე, რომლებშიც ხმების დათვლის პროცესი დასრულდა. 

ამასთანავე, ცესკოს არ დაუსახელებია პირველადი, ოფიციალური მონაცემები. საპირისპიროს აცხადებენ ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტის, სვეტალანა ტიხანოვსკაიას შტაბში, სადაც ამბობენ, რომ ტიხანოვსკაიამ მინსკის 20 ოლქში გაიმარჯვა, სადაც ხმების დათვლის პროცესი დასრულებულია.

ტიხანოვსკაიას შტაბში, ასევე, აცხადებენ, რომ გარკვეულ ოლქებში მათმა კანდიდატმა ლუკაშენკოზე ექვსჯერ მეტი ხმა აიღო. ბელარუსის ოფიციალური სახელმწიფო ეგზიტპოლების მიხედვით, არჩევნების პირველივე ტურში, დამაჯერებლად, მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო იმარჯვებს, რომელსაც წინასწარი მონაცემებით, ხმა ამომრჩევლების 80%-მა მისცა. ამავე კვლევის მიხედვით, 6.8% აიღო ლუკაშენკოს მთავარმა კონკურენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ. 

ხმათა 71%-ს იღებს ლუკაშენკო ბელარუსული ტელეარხ ესტევეს მიერ დაკვეთილ ეგზიტპოლებში, ხოლო ტიხანოვსკაია 10%-ს. ლუკაშენკოს სასარგებლო მონაცემები გაავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც, უწყების საიტზე გამოქვეყნებული პირველი ოქმების მიხედვით, ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი აიღო. 

ვითარება რადიკალურად განსხვავებულია საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო ოლქებზე, რომლებშიც სვეტლანა ტიხანოვსკაია 80-90%-ით უპირობოდ იმარჯვებს. პარალელურად, ვრცელდება არაოფიციალური, პარალელური დათვლების მონაცემები, რომლებშიც ასევე, დამაჯერებლად ტიხანოვსკაია ლიდერობს. 

გაყალბების წინააღმდეგ ბელარუსის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე დაიწყო. მალევე ქალაქების მთავარ მოედნებზე გამოჩნდნენ სამართალდამცავებიც, მათ გადაკეტეს მისასვლელი გზები. რამდენიმე ადგილას დაპირისპირება პოლიციასთან შეტაკებაშიც გადაიზარდა. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ არ მუშაობს ბელარუსული ტელევიზიების ვებგვერდები, ინფორმაცია ინტერნეტის მუშაობის შეფერხების შესახებ მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა. სხვადასხვა ბელარუსული ოპოზიციური ინტერნეტ პორტალების ტელეგრამ არხებში ვრცელდება დემონსტრანტების დაკავების და პოლიციასთან შეტაკების კადრებიც.

ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა უკვე რამდენიმეჯერ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები. სხვადსხვა ცნობებით, მინსკში, საპროტესტო აქციაზე 5 ათასი ადამიანი შეიკრიბა. საპროტესტო შეკრებები მიმდინარეობს ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებშიც, მათ შორის, ბრესტში, ვიტებსკში, მოგილოვში. 

უფრო მეტი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გაიგეთ აქ.

კომენტარები