თოფაძე-ჟვანიას საქმე

ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს

ლევან თოფაძემ ხეჩინაშვილის კლინიკა დატოვა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თოფაძის ბაბუამ, გოგი თოფაძემ უთხრა. 

ბიზნესმენის და პოლიტიკოსის, გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრისთვის საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია, 2 აგვისტოს დააკავეს. როგორც თოფაძის ადვოკატი ამბობს, თავად ლევან თოფაძე სამართალდამცავებს ჯერ არ დაუკითხავთ, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა. 

"გამომძიებლები გამოკითხვაზე არ ყოფილან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საკმარის საშუალებას, რომ ის გამოკითხულ იქნეს მოწმის სახით. სამართლებრივად ეს შესაძლებელია, წინა სასამართლო სხდომამდე ბრალდების მხარე უკვე საქმეში არსებული და შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე მივა ბრალდების საბოლოო სახით ფორმულირებამდე. შეიძლება უფრო მსუბუქი მუხლი იქნეს, შეიძლება უფრო მძიმე, შეიძლება იგივე". – ამბობს ადვოკატი გიორგი ანთაძე. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბუსა ჟვანიამ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე, ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები