ილია ფილფანი

მესტიაში, სოფელ ლენჯერში დაკარგულ ილია ფილფანს მე-17 დღეა ეძებენ

მესტიაში, სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს, ილია ფილფანს მე-17 დღეა, ეძებენ. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, მოზარდის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. 

"როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მეხანძრე-მაშველების მიერ ხორციელდება მოზარდის საძიებო სამუშაოები. ასევე, საქართველოში არსებულ ყველა აქტიურ სატელეფონო ნომერზე 112-ის მიერ დაგზავნილია საინფორმაციო მოკლე ტექსტური შეტყობინება სამ ენაზე ილია ფილფანის სურათით.  

ილია ფილფანის გაუჩინარებიდან დღემდე მეხანძრე-მაშველების მიერ დათვალიერებული და შემოწმებულია 38 სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორიები. დათვალიერებული და შემოწმებულია 7 მდინარე, მდინარის კალაპოტები და მიმდებარე ხეობები. მეხანძრე მაშველებმა შეამოწმეს მთებში საძოვრებზე არსებული საგდომები, მიტოვებული სახლები და გვირაბები, ასევე, ტყის მასივები", - ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

ილია ფილფანი 18 ივლისს, დილით, სახლიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.   

24 ივლისს, დაკარგული მოზარდის მამამ ფორმულასთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ, სავარაუდოდ, 13 წლის ბიჭი სახლიდან გაქცევისთვის ემზადებოდა და ამისთვის რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო მზადება. მისივე თქმით, შვილთან "პატარა ცხოვრებისეული კონფლიქტები" ჰქონდა. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები