ისრაელმა სამხრეთ სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ძალებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
სირიული სახელმწიფო მედია SANA წერს, რომ თავდასხმა ვერტმფრენებით, ქალაქ ელ-კუნეიტრასთან მდებარე სამხედრო ბაზაზე მოხდა და მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ისრაელის არმიის ცნობით, თავდასხმაში საბრძოლო თვითმფრინავები მონაწილეობდნენ და ეს იყო პასუხი გოლანის მაღლობზე თავდასხმის მოწყობის მცდელობაზე.
"სამიზნეებს სადამკვირვებლო და სადაზვერვო, საარტილერიო და საკონტროლო სისტემების პოსტები წარმოადგენდა". - ნათქვამია მათ განცხადებაში.
გასულ თვეს ისრაელის არმიამ გამოაცხადა, რომ გოლანის მაღლობის ერთ-ერთი სექტორში მოკლეს4 პირი, რომლებიც ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟებას ცდილობდნენ.
ასევე, ივლისში დამასკოს სამხრეთით ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების ხუთი მებრძოლი მოკვდა.
გასულ კვირას კი ისრაელმა განაცხადა, რომ ლიბანიდან ქვეყანაში შეჭრას დაჯგუფება ჰეზბოლას 5 შეიარაღებული წევრი ცდილობდა, თუმცა ცეცხლი გაუხსნეს და ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. ჰეზბოლა ბრალდებას უარყოფს.
სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, ისინი წარმოადგენდნენ დაჯგუფებას სირიული წინააღმდეგობა გოლანის გასათავისუფლებლად. ჰეზბოლასთან დაკავშირებული ეს დაჯგუფება 6 წლის წინ შეიქმნა და თავდასხმებს ძირითადად სწორედ გოლანის მაღლობის ტერიტორიაზე აწყობს.