ბიუჯეტი

პირველ კვარტალში პრემია/დანამატებზე ბიუჯეტიდან 11.2 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში გაცემული პრემიებისა და დანამატების მოცულობა 11.2 მილიონი ლარით გაიზარდა. 

კერძოდ, მოცემულ პერიოდში საჯარო უწყებებში სულ დანამატის სახით 59 მილიონი ლარი გაიცა, ხოლო პრემიის 1.9 მილიონი, რაც ჯამურად 60.9 მილიონი ლარია. შარშან იგივე მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურებოდა: დანამატი 48.5 მილიონი ლარი, პრემია 1.2 მილიონი ლარი, რაც ჯამურად 49.7 მილიონი ლარია. 

2019 წლის განმავლობაში პრემიებზე მთავრობამ ჯამურად 35.9 მილიონი ლარი დახარჯა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3.6 მილიონი ლარით აღემატება. გაიზარდა გაცემული სახელფასო დანამატების ხარჯიც - გასულ წელს სახელფასო დამატის სახით სულ 234.5 მილიონი ლარი გაიცა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 32 მილიონი ლარით აღემატება. 

რაც შეეხება ჯამურად პრემია/დანამატების ერთობლივ მოცულობას, შარშან ამ მიზნით სულ 270 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 36 მილიონი ლარით აღემატება. 

ბოლო წლებში ჯამურად მთავრობის მიერ გაცემული პრემია/დანამატების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2014 წელი — 289,3 მილიონი ლარი;
  • 2015 წელი — 303,5 მილიონი ლარი;
  • 2016 წელი — 322 მილიონი ლარი;
  • 2017 წელი — 305,6 მილიონი ლარი;
  • 2018 წელი — 234,1 მილიონი ლარი;
  • 2019 წელი — 270,4 მილიონი ლარი.

ამგვარად, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პრემია/დანამატებზე ბიუჯეტიდან ჯამურად 1,7 მილიარდი დაიხარჯა.

კომენტარები