გიორგი რურუას საქმე

წულუკიანი ზურაბიშვილის განცხადებაზე: მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას, რომელშიც პრეზიდენტი უარს ამბობს გიორგი რურუას შეწყალებაზე. წულუკიანის თქმით, პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში სრულიად დამოუკიდებელია და ჩვენ მხოლოდ მოსმენა, გაგება და ცოდნა დაგვრჩენია.

"მას თავის განცხადებაში ჰქონდა საკმაოდ პრინციპული ტონი, პოზიცია და ეს არის მისი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ თვალში საცემ საკონსტიტუციო რეალობას, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში, რაც შეეხება შეწყალებას და ნებისმიერ სხვა პოზიციას, არის დამოუკიდებელი.

ვერ წამომიდგენია, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო მის განცხადებაზე თუ არა ის, რომ მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით". – თქვა თეა წულუკიანმა. 

გუშინ, 31 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. "მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ" – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის თანამფლობელ გიორგი რურუაზე.  

ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს პრეზიდენტი კვლავ დამნაშავეებს უწოდებს და ამბობს, რომ მათი შეწყალების გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

ვრცლად სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე – წაიკითხეთ აქ.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციამ და საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვეს. თუმცა, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და, რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

კომენტარები