გოგა ხაინდრავა

ხაინდრავა რიშზე: არ გაქვს უფლება, პრეზიდენტს შეწყალებაზე მიმართო, ვინ გეკითხება?

სენატორმა რიშმა, ჩემი აზრით, სახე დაკარგა, აბსოლუტურად დაივიწყა დიპლომატიური ეტიკეტი. როდესაც ნებისმიერ, მით უმეტეს შენი მეგობარი და სტრატეგიული, პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს მიმართავ, სიტყვა ქალბატონო მაინც უნდა გამოიყენო. ჩემთვის ძალიან სავალალოა, რომ ამაზე ლაპარაკი მიწევს.

რომ არა მათი დახმარება, ჩვენ ამ გაცოფებულ სამეზობლოში ძალიან მძიმე დღე დაგვადგებოდა, მაგრამ არის რაღაცა ხაზები, რომლის იქით რიში იქნება, თუ ამერიკის პრეზიდენტი, ზრდილობას, დიპლომატიურ ეტიკეტს ნუ დაკარგავენ, ისე გველაპარაკონ, როგორც გვეკუთვნის და დავიმსახურეთ. ჩვენ არ ვართ კოლონია. თუ იქ პატივი უნდა სცე ფლოიდს, საქართველოში პატივი უნდა სცე საქართველოს პრეზიდენტს და არანაირი უფლება არ გაქვს, რომ მიმართო – სალომე ზურაბიშვილმა გაათავისუფლოს, შეიწყალოს ვიღაც. ვინ გეკითხება? შენ შეიძლება ეს მოსაზრება გქონდეს ან აზრი გამოთქვა, მაგრამ წერილი მისწერო და ელემენტარული ზრდილობა დაარღვიო, ეს უკვე ყველა ფარგლებს გარეთ გადის.

ჩემთვის გაუგებარია საქართველოში იმ ძალების მხარდაჭერა, მით უმეტეს ასეთი მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან, როგორიც არის ბატონი რიში, რომლებიც პირდაპირ მოსკოვის ინტერესებს ახორციელებენ საქართველოში, ეს ღიად ჩანს. მათი მხარდაჭერა პირველ რიგში ამერიკის ინტერესებს აზიანებს.

გოგა ხაინდრავა სენატორი რიშის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მთავარი არხის თანამფლობელის 4-წლიანი პატიმრობის განაჩენით შეშფოთებულია. ხაინდრავას გამოხმაურებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კომენტარები