გიორგი რურუას საქმე

კაპანაძე: ახლა თუ არა, არჩევნების შემდეგ პოლიტპატიმრების საკითხი სამუდამოდ დასრულდება

პირველი არხი

ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, იმის ვარაუდი, შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას რთულია, რადგან ქვეყანა "ერთი არარაციონალური ადამიანის, ოლიგარქის" მიერ იმართება.

"რომელიც თავისი ინსტინქტებით იღებს გადაწყვეტილებას და არა საერთაშორისო ზეწოლის და პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით, ძნელია, გამოვიცნოთ და ვივარაუდოთ, თუ რას გააკეთებს ის.

თუმცა, საღი აზრის ფარგლებში, სხვა შემთხვევა რომ იყოს და გვქონდეს ისეთი მმართველობა, რომელიც ხალხის მიმართაა ანგარიშვალდებული და რომელიც ანგარიშს უწევს ჩვენი პარტნიორების პოზიციებს, ბუნებრივია, ეს გათვალისწინებული უნდა იყოს". – ამბობს სერგი კაპანაძე.

მისივე თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება, პოლიტიკური პატიმრების საკითხი სამუდამოდ დასრულდება.

30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის ერთ-ერთი თანამფლობელი, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა.

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია. თუმცა, არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ რურუას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა არცერთხელ არ შეუცვალა გირაოთი.

გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებას იმავე დღეს გამოეხმაურა სენატორი ჯიმ რიში. მან სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ძალიან შეშფოთებულია. საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი კი წერს, რომ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

კომენტარები