აჭარის ტელევიზია

TV აჭარამ კიდევ სამი თანამშრომელი გაათავისუფლა, ჟურნალისტებმა მაუწყებელთან გააპროტესტეს

ტაბულა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კიდევ სამი თანამშრომელი გაათავისუფლეს - დილის ტალღის ხელმძღვანელი, ბაჩო გურაბანიძე, გადაცემა ჰეშთეგის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე. მიზეზად არხის ხელმძღვანელობა დისციპლინარულ წარმოებას ასახელებს, რომელიც ერთი თვის წინ დაიწყო - საქმე თანამშრომლებს შორის მომხდარ ინციდენტს ეხება.

სოლიდარობის ნიშნად, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა მაუწყებელთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ დირექტორ გიორგი კოხრეიძესთან შეხვედრა სურდათ, თუმცა დაცვის სამსახურმა შენობაში შესვლის უფლება მოქმედ თანამშრომლებსაც არ მისცა.

"აქ შეკრებულ ადამიანებს გვჯერა, რომ დირექტორის გადაწყვეტილება არის უსამართლო და იმ სადამსჯელო სერიის გაგრძელება, რომელიც აქ მისი მოსვლის დღიდან დაიწყო" - ამბობს კორესპონდენტი გიორგი არობელიძე ბათუმელების LIVE-ში და აღნიშნავს, რომ ტელევიზიის დირექტორმა თანამშრომლები პროტესტის და აქტიურობის გამო გაათავისუფლა.

მას შემდეგ, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძე გადააყენა, მის ნაცვლად კი გიორგი კოხრეიძე დანიშნა, არხის ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებზე საუბრობენ და ალტერნატიული პროფესიული კავშირიც შექმნეს.

22 ნოემბრის შემდეგ არხი ზეწოლის შედეგად დატოვა, ან კოხრეიძის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს არაერთი საკვანძო თანამდებობაზე მყოფი პირი, მათ შორის ახალი სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.

დირექტორის მხრიდან შევიწროებისა და კონტროლის გამო სამსახური დატოვა დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ, რომელიც კოხრეიძის დანიშვნამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ასევე დაუსაბუთებელი საფუძვლით კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, მისი მოადგილე მაია მერკვილაძე კი ტელევიზიიდან რადიოში გადაიყვანეს და ფაქტობრივად ჩამოაშორეს სარედაქციო პოლიტიკას.

ახალი ამბების სამსახურში მიმდინარე მოვლენების გაპროტესტების გამო წამყვანი თეონა ბაკურიძე, კვლავ კოხრეიძის პირადი გადაწყვეტილებით, ჯერ ეთერიდან მოხსნეს, რამდენიმე დღეში კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

უფლებამოსილებები შეეზღუდა ონლაინმედიის სამსახურის უფროსს, სოფო ჟღენტს. კოხრეიძემ მას სრულად აუკრძალა ვებგვერდზე საინფორმაციო ამბების კონტენტის განთავსება.

კიდევ ერთი ჟურნალისტი, თეონა ხარაბაძე სამუშაოდ ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაიყვანეს. სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრების გამო კი ჟურნალისტი თეონა თურმანიძე ეთერს გარკვეული დროით ჩამოაშორეს.

11 მაისს გიორგი კოხრეიძის ბრძანების საფუძველზე სოციალურ ქსელში დაწერილი მოსაზრებისთვის არხიდან გაათავისუფლეს მალხაზ რეხვიაშვილი, გადაცემა #ჰეშთეგის წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე.

კომენტარები