გიორგი რურუას საქმე

გახარია რურუაზე: იმიტომ, რომ ვიღაცა პოლიტპატიმარს ეძახის, არ უნდა იყოს თავის არიდების ალიბი

პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯა სასამართლოს გადაწყვეტილებაა, მართლმსაჯულების სისტემა კი ბოლო წლებში აშკარა პროგრესს განიცდის.

გახარიას თქმით, თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ვიღაცის მიერ მისთვის პოლიტპატიმრის დაძახება ან ტელევიზიის ფლობა სასჯელისთვის თავის არიდების საფუძველი არ უნდა გახდეს.

"საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის გამჭვირვალე, თან ისეთი, რომელიც ბოლო წლებში აშკარა პროგრესს განიცდის. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ ბოლო წლებში გამოიტანა განაჩენი ადამიანთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე. რა თქმა უნდა, მე არანაირი კომენტარს არ გავაკეთებ. დამნაშავემ, თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, უნდა მოიხადოს ეს პასუხისმგებლობა და უნდა იჯდეს, ან შემდგომ უნდა გამოვიდეს.

შეწყალება არის სრულად პრეზიდენტის დისკრეცია. წარმოდგენა არ მაქვს, პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა. თუმცა, ჩემთვის მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი უნდა იყოს ყველასთვის და სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა არის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ რომ მას ვიღაცა პოლიტპატიმარს ან რაღაც ტელევიზიის მფლობელია, ეს არ უნდა იყოს ალიბი იმისთვის, რომ დანაშაულიდან თავი აირიდოს".- თქვა მან.

გიორგი რურუას პოლიტპატიმარი არაერთხელ უწოდეს ევროპარლამენტარებმა. მისი გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას ამერიკელი კონგრესმენები და სენატორებიც მოუწოდებდნენ.

მიუხედავად ამისა, დღეს, 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის ერთ-ერთი თანამფლობელი, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა.

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილი იყო. თუმცა, არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ რურუას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა არც ერთხელ არ შეუცვალა გირაოთი .

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციამ და საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვეს. თუმცა, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და, რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

კომენტარები