NDI-ის კვლევა

NDI: 66% მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორია ხელს უშლის კორონავირუსის გავრცელებას

რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

NDI-ის კვლევის თანახმად, მოქალაქეთა 66% ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორია ხელს უშლის კორონავირუსის გავრცელებას.

მხოლოდ 4% მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის გავრცელებას ხელს უწყობს.

6%-ს ლუგარის ლაბორატორიის ლაბორატორიის შესახებ არ სმენია.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უახლესი შენობაა, რომელიც სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა.

ის საქართველოში ბაქტერიებს შეისწავლის; ამზადებს სპეციალისტებს; აქვთ უნიკალური აპარატურა, რომლებსაც არა მხოლოდ ლაბორატორიის თანამშრომლები იყენებენ, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები - კვლევითი საქმიანობისთვის; არის მიკრობების ეროვნული კოლექციის საცავი; გამოავლენს და სწავლობს ახალ დაავადებებს;

ლუგარის ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალური ლაბორატორიაა.

კვლევითი ცენტრი რუსულმა პროპაგანდამ მთავარ სამიზნედ ჯერ კიდევ იმ დროიდან ამოიღო, სანამ ქართულ-ამერიკული პროექტი სრულყოფილ სახეს მიიღებდა.

კვლევის ფარგლებში 1150 ადამიანი 26-30 ივნისს გამოიკითხა. კვლევისთვის ყველა ინტერვიუ ტელეფონით ჩატარდა. რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის გზით. კვლევა წარმოადგენს საქართველოს მთელი მოსახლეობის დამოკიდებულებას, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ის CRRC-მ ჩაატარა.

ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.

კომენტარები