თამარ ბაჩალეიშვილის საქმე

გამომძიებელი, რომელიც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დაასახელა, გენინსპექციაში დაიბარეს

RFE/RL

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, გამომძიებელი, რომელმაც მისი შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ ის პრობლემებში იყო, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილია.

"მე მჭირდება ის პიროვნება. რატომ მითხრა ჯერ კომპიუტერი გავხსენიო, მაგაზე ვმუშაობ ახლაო, შენი გოგო დიდი პრობლემის წინაშე არისო, შარშიაო. ლადო ბაჭულაშვილი არის ეს პიროვნება, აგერ მუშაობს მოადგილედ არის. რატომ მითხრა ასე? რატომ გათიშა ტელეფონი? რატომ გვემასხარავა?" – ამბობს ბაჩალიაშვილი

ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დღეს მოითხოვა, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველომ აღარ აწარმოოს.

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ ლადო ბაჭულაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

თავად ლადო ბაჭულაშვილი ტელეკომპანია პირველთან საუბარში ამბობს, რომ კომპიუტერის გახსნა და დათვალიერება მის კომპეტენციაში არ შედის და შეხება არ ჰქონია. 

"ეს არის ყველაფერი სისულელე და მოგონილი. მე არაფერი მაგდაგვარი არ მითქვამს. ბევრი რამე შეიძლება ადამიანმა მოიგონოს. ეს სისულელე რატომ უნდა ეთქვა ჭკვიან და ნორმალურ ადამიანს, რომ თქვენი შვილი "შარშია". კონტაქტი მე გარდაცვლილის დედასთანაც მქონდა და ყველასთანაც, იმიტომ რომ ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობდა". –ამბობს ბაჭულაშვილი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

4-დღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

 

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები