ავთანდილ ბილანიშვილი

ქარტია: კაწროს საქმის გაშუქებისას ნიკა გვარამიამ სიზუსტის პრინციპი დაარღვია

ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ განიხილა ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად კაწროს ცოლის, ნათია რუხაიას საჩივარი მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და დაასკვნა, რომ გვარამიამ ქარტიის პირველი, სიზუსტის პრინციპი დაარღვია.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ ქარტიის საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

ავთანდილ ბილანიშვილის ცოლი, ნათია რუხაია სადავოდ ხდიდა 2020 წლის 7 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი, შესაძლოა, ბილანიშვილი ყოფილიყო.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გადაწყვეტილების დასაბუთებას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

"იმის გამო, რომ ნიკოლოზ გვარამიას 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის უმძიმესი ტრაგედია როგორღაც დაეკავშირებინა „ქართულ ოცნებასთან“ და კერძოდ ივანიშვილის ოჯახთან, სრულიად დაუსაბუთებლად გააჟღერა ავთანდილ ბილანიშვილის გვარი, ვინაიდან ყველასთვის, მათ შორის ბატონი გვარამიასთვის იმთავითვე ცნობილი იყო ავთანდილ ბილანიშვილის და ბერა ივანიშვილის მეგობრობის შესახებ. მართალია, 12 ივნისის გადაცემაში ეს ინფორმაცია თავად ნიკოლოზ გვარამიამ უარყო, თუმცა მიგვაჩნია, რომ მის მიერ, თუნდაც ვარაუდების დონეზე, გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ თავის მიზანს მიაღწია და ავთანდილ ბილანიშვილი, ისევე როგორც მისი ოჯახი – მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი გახდნენ საყოველთაო ბულინგის მსხვერპლნი“. – ეწერა განცხადებაში, რომელიც ქარტიამ 13 ივლისს მიიღო.

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროს, სახელი გიორგი შაქარაშვილის საქმეში რამდენჯერმე გამოჩნდა. მთავარი არხი ამტკიცებდა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული ქუჩის "ავტორიტეტია", რომელიც დამნაშავეთა სასარგებლოდ საქმის ჩაფარცხვას ცდილობს.

ასევე, 8 ივლისს, მედიამ ლუკოილის ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გაავრცელა. კადრებით საქმეში თეთრი სატვირთო მიკროავტობუსი გამოჩნდა.

ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარმა არხმა ივარაუდა, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწროა, რომელიც ამირხანაშვილს ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება და, სავარაუდოდ, "ამუშავებს" ამირხანაშვილს ჩვენების მიცემის თაობაზე

კომენტარები