ბარები და კლუბები

კლუბები, ბარები და ფესტივალები ჯარიმების მოხსნას და სტატუსის შეცვლას მოითხოვენ

ტაბულა

კლუბები, ბარები და ფესტივალები საერთო განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, ახალი კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის დასრულების შემდეგ, როდესაც დაწესებული რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო, ისინი ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრზე დაიბარეს და გააცნეს ის რეგულაციები, რომლის მიხედვითაც საქმიანობის გაგრძელება შესაძლებელი იქნებოდა. მათივე ცნობით, უწყების წარმომადგენლების პირობის თანახმად, ეს დადგენილება უახლოეს პერიოდში უნდა შესულიყო ძალაში და სანქციები მათ წინააღმდეგ გამოყენებული არ იქნებოდა. სწორედ ამ შეხვედრიდან გამომდინარე გადაწყდა ფესტივალებისა თუ საკლუბო ღონისძიებების ორგანიზება.

ბარები, კლუბები და ფესტივალები ოთხ მოთხოვნას აყენებენ:  

  1. მოიხსნას დაკისრებული ჯარიმები; 
  2. ჯადაცვის სამინსტრო გადავიდეს სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად თანამშრომლობის რეჟიმზე;
  3. ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დადგინდეს ადეკვატური რეგულაციები, რომლის მიხედვითაც საშუალება გვექნება, განვახორციელოთ ღონისძიებები.
  4. სასწრაფოდ შეიცვალოს კლუბების და ფესტივალების განმარტება და გასართობი ბიზნესიდან გადავიდეს კულტურულ ღონისძიებებში. 

გთავაზობთ ბარების, კლუბებისა და ფესტივალების საერთო განცხადებას სრულად:

"უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს რომ ჩვენ, სხვადასხვა კლუბების, ბარებისა და ფესტივალების, მუსიკალური ღონისძიებების ავტორები, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კოვიდ 19-ით გამოწევულ პანდემიასთან ბრძოლას.

ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი მსმენელის უსაფრთხოება და დაცულობა. სწორედ ამიტომ, პანდემიის გავრცელების შემდეგ, მარტის თვეში, ინდუსტრიის  ყველა მონაწილემ გადადო ან გააუქმა დაგეგმილი ღონისძიებები.  

აქვე ხაზი უნდა გაესვას რომ ამ ეტაპისთვის ჯერ კიდევ არ არსებობდა სახელმწიფოსგან მითითება ან რეკომენდაცია ღონისძებების გაუქმებასთან ან სხვა ფორმით შეზღუდვასთან დაკავშირებით. 

მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება დროებით საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით, რითაც რამდენიმე ასეული ათასი ლარის ზარალი მოგვადგა.

სამთვიანი კარანტინის შემდეგ, როდესაც რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო, ჩვენ დაგვიბარეს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე. 

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ჯადაცვის სამინსტროს, ასევე მერიისა და კულტურის სამინსიტროს წარმომადგენლები. 

მათ გაგვაცნეს ის რეგულაციები, რომლის მიხედვითაც გვეძლეოდა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა ჩვენი საქმიანობა და დაგვპირდნენ, რომ დადგენილება ძალაში უახლოეს პერიოდში შევიდოდა. 

მათი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა, რომ სურდათ რეგულაციების შემსუბუქება, ბიზნესისთვის ხელის შეწყობა და ამიტომ ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც ეხებოდა სავარაუდო დაჯარიმებას, ისინი ყოველთვის გვპასუხობდნენ, რომ ამ ყველაფერს გაითვალისწინებდნენ და სანქციები ჩვენ წინააღმდეგ არ იქნებოდა გამოყენებული. 

სწორედ ამ შეხვედრიდან გამომდინარე, დავიწყეთ საკუთარი ღონისძიებების ორგანიზება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი ამოქმედება სწორედ ზემოაღნიშნული ადამიანების წახალისებამ და თითქოსდა "მხარდაჭერამ" გამოიწვია. 

მალევე მთავრობის მეთაურმა დაავალა საბჭოს, განეხილა რეგულაციები ღია სივრცეში ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით. 

რადგან შეხვედრის შემდეგ ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა, ჩავთვალეთ, რომ სწორედ ის დადგენილება შედიოდა ძალაში, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ. 

ამის შემდეგ დავიწყეთ ივენთების პრომოუშენი, გაყიდვები, გავწიეთ წინასწარი ხარჯი რომელიც ძირითადად მიმართული იყო იმისკენ რომ დაგვეცვა სახელმწიფოსგან მომართული რეგულაციები. 

საბოლოო ჯამში კი გამოვიდა დადგენილება, რომელშიც არა თუ ის რეგულაციები არ იყო შესული, რის განხილვაც აღნიშნულ შეხვედრაზე მოხდა, მეტიც, ეს ინდუსტრია საერთოდ ამოღებული იყო კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალიდან და მიენიჭა გასართობი ღონისძიების სტატუსი, რომელზეც ჯერჯერობით არანაირი რეგულაცია არ არსებობს. შესაბამისად, მსგავსი სახის საქმიანობა თავშივე ითვლება კანონდარღვევად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ეცადე, გეზრუნა სტუმრის უსაფრთხოებაზე.

თვითონ ფაქტი, რომ სახელმწიფო არ განიხილავს ამ ინდუსტრიას, როგორც კულტურის ნაწილს და უბრალოდ გასართობ ღონისძიებათა სიაში გაჰყავს, კარგად გვაჩვენებს, რომ მათ არ აქვთ გააზრებული ამ სცენის კულტურული მნიშვნელობა. ასეთი დამოკიდებულება კიდევ რეალურ საფრთხეს უქმნის ზოგადად ამ სცენის არსებობას, რომელიც ისედაც რთულ მდგომარეობაში იყო არსებული პანდემიის გამო.

სწორედ ზემოთ აღნიშნული დადგენილებიდან გამომდინარე, 17-18 ივლისის უიქენდზე ერთდროულად დაჯარიმდა თითქმის ყველა ღონისძიება, რაც ტარდებოდა თბილისის მასშტაბით.

ბუნებრივია, ვერ ვირწმუნებთ ამ ინსპექციის და ჯარიმების ადეკვატურობას, ვინაიდან კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ - კარანტინის გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე ჩვენც და უმეტესობა ზემოთ აღნიშნულმა პრომოუტერმა საკუთარი ინიციატივით დახურა თავისი დაწესებულებები თუ ივენთები და მათი გაღების თუ ივენთის ჩატარების ერთადერთი წინაპირობა სწორედ ამ შეხვედრებზე, ამ ბატონების მიერ მიცემული წახალისება იყო. ერთ სიტყვით - თვითონვე წაგვახალისეს ამოქმედებისაკენ და შემდეგ წესების სრული დაცვის მიუხედავად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე თვითონვე დაგვაჯარიმეს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ მოქმედებებს ჩვენს საქმიანობაში ხელის შეშლის ფუნქცია აქვს, რადგან პარალელურად ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ტარდება სხვა ღონისძიებები, რომლებსაც პრობლემა ამ კუთხით არ ექმნებათ. მაგალითისთვის მოვიყვანთ კიკვიძის პარკში გამართულ კონცერტს, დენდროლოგიური პარკსა და ა.შ. მთელი რიგ ღონისძიებებს, რომელთა მიმდინარეობისას რეგულაციები არ იყო დაცული. 

ვფიქრობთ, რომ ამ სამსახურის და ადამიანების ასეთი უპასუხისმგებლო ქცევა განწირულ მდგომარეობაში აყენებს ისედაც დიდად დაზიანებულ ინდუსტრიას და საბოლოოდ მათი უთავბოლო, სელექციური და ქაოტური გადაწყვეტილებები გამოიწვევს მუსიკალური და გასართობი სფეროს სრულ ჩამოშლას და გაჩერებას. სამწუხაროდ, რადგან აღმოჩნდა, რომ ამ საკითხისთვის აქამდე შესაბამისმა სტრუქტურებმა ვერ მოიცალეს და რეკომენდაციების დადგენა ვერ შეძლეს, ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ მათ საკუთარი ვერსია, თუ როგორი უნდა იყოს ის რეგულაციები, რომლითაც, ერთი მხრივ, საშუალება გვექნება, განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა, მეორე მხრივ კი უზრუნველვყოთ სტუმრების უსაფრთხოება და დაცულობა". – წერია განცხადებაში.

კომენტარები