ბარები და კლუბები

ბარები და კლუბები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ

Bauhaus Bar // Facebook

ასზე მეტი ბარი და კლუბი, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო თვეებია, დახურულია, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

"პანდემიით გამოწვეული კრიზისი იმდენად მძიმედ აისახა ჩვენს სექტორზე, რომ ბევრი ჩვენგანი გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მოვითხოვთ ყურადღებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ისინი მოითხოვენ, დადგინდეს ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი, ხოლო რეგულაციები და დირექტივები მათთან ერთად შემუშავდეს.

საერთო განცხადების თანახმად, თბილისის მერიამ ჩაატარა კვლევა სექტორის საჭიროებებზე, თუმცა მათთან "კომუნიკაციისა და კონსულტაციების გარეშე".

"გონივრული გეგმის შემუშავება მხოლოდ ჩვენი ჩართულობით არის შესაძლებელი", - აცხადებენ ბარებისა და კლუბების წარმომადგენლები.

გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ, მომდევნო ერთ წლის მანძილზე მაინც დაუწესდეთ საგადასახადო შეღავათები.

ბარებისა და კლუბების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივითაც - თუ დახურულ სივრცეებს არ ექნებათ გახსნის შესაძლებლობა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ ღია სივრცეებში შეიქმნას სარეკრეაციო პროდუქტი - "გადარჩენის პარკი", სადაც დახურული ბარები შეძლებენ, ღია სივრცეები გახსნან.

მათი თქმით, ეს ადგილი "ტურისტული ატრაქცია" გახდება, რადგანაც "ბარის და საკლუბო კულტურა, როგორც ღამის ეკონომიკის მნიშნველოვანი ნაწილი, ქვეყანაში ტურიზმისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი საიმიჯო ნაწილია".

როგორც დედაენის ბარის დამფუძნებელი, დათა ლაფაური ამბობს, ბარებსა და კლუბებს ტურიზმის დახმარების პაკეტის ფარგლებში სახელმწიფოსგან შეღავათები არ მიუღიათ, რაც მას არასამართლიანად მიაჩნია. მისი თქმით, ტურიზმზე საუბრისას, გულისხმობენ სასტუმროებსა და რესტორნებს, "მაგრამ არ ითვალისწინებენ, რომ ჩვენ ვართ ტურიზმის არსებითი შემადგენელი ნაწილი".

მთავრობის ეკონომიკის ამოქმედების თავდაპირველი გეგმის თანახმად, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები 8 ივნისიდან უნდა გაიხსნას, ხოლო გასართობი ცენტრები და დახურული რესტორნები, ბოლო, მეექვსე ეტაპზე, რომელიც, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში უნდა დადგეს. თუმცა, მთავრობაში ამბობენ, რომ შეზღუდვების შერბილება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ამიტომაც, ზოგიერთი მათგანი სავარაუდო თარიღზე ადრეც მოიხსნა.

კომენტარები