კორონავირუსი საქართველოში

ნაჯა ორაშვილი: კლუბების 300-ზე მეტი არტისტი და 5000-ზე მეტი თანამშრომელი უშემოსავლოდ დარჩა

ტაბულა

კლუბ ბასიანის დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი კორონავირუსის მიზეზით დაწესებული რეგულაციების გამო შექმნილ კრიზისზე ლაპარაკობს და მიუთითებს, რომ სადამსჯელო და რეპრესიული მიდგომები, რასაც სახელმწიფო საკლუბო და საფესტივალო კულტურისადმი მიმართავს, გაუსაძლისია.

ორაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ 2020 წლის 12 მარტს, COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საკლუბო სცენამ საკუთარი ინიციატივით ერთ-ერთმა პირველმა მიიღო დროებით დახურვის გადაწყვეტილება. თუმცა პასუხისმგებლობის შეგნებით ჩატარებულ ქმედებებს თავად სფეროსთვის უმძიმესი შედეგები მოჰყვა - 300-ზე მეტი არტისტი და 5000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, 100-მდე შეკრების ადგილი კი მეიჯარეებთან შექმნილი პრობლემების გამო გაუჩინარების წინაშე დგას.

ორაშვილის თქმით, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნის ბოლო ეტაპზე საკლუბო და საფესტივალო სფეროში მომუშავე ადამიანებს გაუჩნდათ იმედი, რომ ღონისძიებების ჩატარებას გარე სივრცეებში მაინც შეძლებდნენ და მაშინ, როცა არც ერთი ფინანსური ინსტიტუტი არ დაეხმარა, ისევ საკუთარი ფინანსური სახსრებით სცადეს სფეროს გადარჩენა.

"მაგრამ ბოლოწამს დაპირებული რეგულაციები შეიცვალა და მხოლოდ 200 ადამიანის მასპინძლობის უფლება დაგვრთეს (უნდა აღინიშნოს, რომ გარე ღონისძიების ღირსეულად ჩატარებას ზუსტადაც ამ რაოდენობის დასაქმებული პერსონალი სჭირდება).

ამასთან, ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ მოქმედებს ჩვენ გარშემო შერჩევითი სამართალი და საზოგადოებაზე ზრუნვის სახელით, როგორ ვჯარიმდებით ძალიან მაღალი გადასახადით - 10 000 ლარზე მეტი თანხით, იმ აბსურდული არგუმენტის საფუძველზე, თითქოს ჩვენ კულტურულ ღონისძიებებს არ მივეკუთვნებით. იმაზე მსჯელობა, თუ ვისთვის გართობაა ეს სფერო და ვისთვის “მაღალი კულტურა”, შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია, უამრავი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი შეკრების ადგილების არსებობა.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ეკონომიკური საქმიანობის არამართლზომიერი შეზღუდვა, დაკისრებული ჯარიმების ოდენობა და ჩვენ გარშემო არსებული უთანასწორო გარემო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ამ სფეროს ენთუზიასტებისთვის ადამიანებზე ზრუნვა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა უცხო არ არის. ახლა მარტოდ ვართ დარჩენილები კრიზისთან და, შესაბამისად, ჩვენი მომავალიც ბუნდოვანია, ერთადერთი, რაც დაგვრჩენია ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერაა, იმისთვის, რომ გ ა დ ა ვ რ ჩ ე თ". - წერს ნაჯა ორაშვილი.

დღეს, 23 ივლისს კომუნა მზესუმზირამ განაცხადა, რომ 17 ივლისს ჩატარებული ღონისძიების გამო ჯანდაცვის სამინისტრომ ისინი 10 000 ლარით უსამართლოდ დააჯარიმა. ამავე ოდენობის თანხით არის დაჯარიმებული კლუბი მტკვარზეც, სადაც, მისი დამფუძნებლის, ქეთა გაბუნიას თქმით, სულ 87 ადამიანი იმყოფებოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის განცხადებით, კლუბის ხელმძღვანელები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ ისინი უსამართლოდ დააჯარიმეს და რეალურად კი მათ დაარღვიეს მთელი რიგი რეგულაციები: არ იცავდნენ დისტანციას, არ ჩაუტარებიათ თანამშრომლების ტრენინგი, არ ჰქონდათ გამოყენებული პირბადეების მოსათავსებელი თავდახურული კონტეინერი.

ტაბულამ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა კითხვით, რა პრინციპით ხელმძღვანელობს ხელისუფლება ობიექტების დაჯარიმების დროს, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის დენროლოგიურ პარკის შესვლის მსურველები ასევე არ იცავენ დისტანციას. შრომის ინსპექციის განცხადებაში ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

კომენტარები