ანტიდასავლური პროპაგანდა

როგორ იყენებს რუსეთი ანტიდასავლური პროპაგანდისთვის რელიგიას - მაგალითი

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ანტიდასავლური პროპაგანდის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2019 წლის მედიამონიტორინგის და ყალბი ინფორმაციის გადამოწმების შედეგებს ეხება. 

კვლევის ერთერთი ქვეთავია - იდენტობის დაკარგვის საფრთხე, რაზეც კრემლის პროპაგანდა წლებია, აპელირებს. მედიის განვითარების ფონდის კვლევით, 2019 წლის მედიის ანალიზი აჩვენებს, რომ ერთის მხრივ, ხდებოდა ხაზგასმა დასავლური ღირებულებების მართლმადიდებლობასთან შეუთავსებლობაზე, ასევე, იმაზე, რომ დასავლეთი საქართველოს მორალურ დეგრადაციას იწვევს.

ანგარიშში მოხვდა საქართველო და მსოფლიოს გამომცემელი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც მიიჩნევს, რომ დასავლური ღირებულებები მართლმადიდებლობასთან შეუთავსებელია.

"წინააღმდეგობებს, ერთი მხრივ, კათოლიკობა-პროტესტანტიზმსა და, მეორე მხრივ, მართლმადიდებლობას შორის ათასწლოვანი ისტორია აქვს... ჩვენი ეკლესიის ღირებულებები შეუთავსებელია ცხოვრების დასავლურ წესთან, რომლის ჩვენთან დანერგვას ასე მონდომებით ცდილობენ...

...პროტესტანტული მსოფლმხედველობისა და ინგლისურ-ამერიკულ-გერმანული მენტალიტეტის საფუძველს წარმოადგენს რაციონალიზმი, მკვეთრი ინდივიდუალიზმი და ანალიტიკურობა, მარტოობაში ცხოვრება და ბრძოლა, საკუთარი თავის იმედი… ყველა ეს თვისება კატეგორიულად მიუღებელია მართლმადიდებლური შეგნებისთვის… თეზისი იმის შესახებ, რომ ჩვენი დასავლეთთან ერთობის ფაქტორს "საერთო რელიგია“ წარმოადგენს, უსაფუძვლოა“. – წერდა ჭაჭია, რომელიც 2014 წლის 13 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "მეგობრობის განმტკიცებისა და რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობისთვის, მეცნიერული და კულტურული კავშირების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის“ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პატრიარქის თქმით, "მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არა განათლებულ ხალხს, არამედ უბრალო ადამიანებს". ილია მეორე ქადაგებს, რომ სწორედ "უბრალო ადამიანში შედის მადლი ღვთისა".

მედიის განვითარების ფონდის ანგარიში 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიშის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

კომენტარები