უკრაინა

ოდესაში ლენინის ძეგლი ბესარაბიელი ბულგარელის ძეგლად გადააკეთეს

უკრაინაში, ოდესის რაიონში, დეკომუნიზაციის პროექტის ფარგლებში, ვლადიმერ ლენინის ძეგლი ბესარაბიელი ბულგარელის ძეგლად გადააკეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ვადიმ პოზნიაკოვის ცნობით, ლენინის ძეგლი ოდესის რაიონის სოფელ ჟელეზნადაროჟნოეში მდებარეობდა. გავრცელებული სურათების მიხედვით, ლენინის ძეგლს ბულგარული ნაციონალური კოსტუმი ჩააცვეს, ფეხებთან ყურძნით სავსე კალათა განათავსეს, ხოლო ხელში ვაზის ლერწამი დააკავეს.

პოზნიაკოვის თქმით, ამ დროისთვის უკრაინაში ლენინის ორი ძეგლი რჩება და ორივე მათგანი ოდესის რაიონის სოფლებში, აგაროდნოესა და კალჩევში მდებარეობს. 

კანონი დეკომუნიზაციის შესახებ უკრაინაში 2015 წელს მიიღეს. პროექტის ფარგლებში შეიცვალა 32 ქალაქის, 955 დასახლებისა და 32 000 ათასი ქუჩის საბჭოთა დასახელება. ამის გარდა განხორციელდა 2 000-მდე ძეგლის დემონტაჟი.

2019 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ დეკომუნიზაციის პროექტი თითქმის დასრულებულია. მანამდე რადამ მხარი დაუჭირა დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელწოდების ცვლილებას და ამ დროისთვის ოლქი სიჩესლავსკის სახელწოდებას ატარებს, ხოლო უშუალოდ ქალაქ დნეპროტროვსკის სახელი დნეპრით 2016 წელს შეიცვალა. 

კომენტარები