ახლო აღმოსავლეთი

სირიის საპარლამენტო არჩევნებში ბაშარ ასადის პარტია ბაასმა გაიმარჯვა

ბაშარ ალ ასადი
Benoit Tessier / Reuters

სირიის ხელისუფლების მონაცემებით, 19 ივლისს, გამართულ საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური პროგრესული ფრონტის" კოალიციამ გაიმარჯვა, რომელსაც ბაშარ ასადის პარტია ბაასი ხელმძღვანელობს. 

კოალიციამ 250-დან, პარლამენტში 177 ადგილი მოიპოვა, ხოლო აქტივობამ 33% შეადგინა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, როდესაც სირიის უმეტეს ნაწილში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, ამჯერად არჩევნები ქვეყნის ტერიტორიის 70%-ზე ჩატარდა, მუშაობდა 7 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი. 

ამასთანავე, არ სახელდება ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობა. ცნობილია, რომ პროცესში მონაწილეობა ვერ მიიღეს საზღვარგარეთ მცხოვრებმა მოქალაქეებმა, მათ შორის ვერც მიგრანტებმა. სირიის ხელისუფლებამ არჩევნების თარიღი ორჯერ გადაიტანა - თავდაპირველად არჩევნები 13 აპრილს იყო ჩანიშნული, კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღი თავიდან მაისამდე, ხოლო მოგვიანებით, 19 ივლისამდე გადაწიეს.

სირიის ერთპალატიან პარლამენტში 250 დეპუტატი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევა. 2011 წელს ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ ეს უკვე მესამე საპარლამენტო არჩევნებია. 2016 წელს გამართულ წინა არჩევნებზე, პარტია ბაასმა, რომლის გენერალური მდივანის პოსტსაც 2000 წლიდან უცვლელად ბაშარ ასადი იკავებს, პარლამენტში 200 ადგილი მიიღო.

წინა არჩევნებმა საერთაშორისო თანამეგობრობის ლეგიტიმაცია ვერ მიიღო, არჩევნები არალეგიტიმურად ცნო ევროკავშირმა და აშშ-მ.საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ამჯერადაც ვერ მიიღო, ვერცერთმა მნიშვნელოვანმა და გავლენიანმა ოპოზიციურმა პარტიამაც. არჩევნებზე, მხოლოდ პარტია ბაასი და ის პოლიტიკური ძალები დაუშვეს, რომლებიც მმართველი პარტიის დომინანტურ როლს აღიარებენ, ესენია - სირიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია, კომუნისტური პარტია და რამდენიმე წვრილი ფრაქცია, რომლებიც ნაციონალურ კავშირის წევრები არიან.

სავარაუდოა, რომ ალტერნატივის არ არსებობის პირობებში, ქვეყანაში დაბრუნებული ლტოლვილების უმნიშვნელო ნაწილმა მხარი, სწორედ, ბაასს დაუჭირა, რადგანაც საყოველთაო სიღატაკის პირობებში მმართველი პარტია მატერიალური კეთილდღეობის ერთადერთი წყაროა.

ასადის ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ არჩევნების ჩატარება შეუძლებელია სანამ გაეროს ეგიდით ქვეყანა ახალ კონსტიტუციას არ მიიღებს. სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ სირიის კონსტიტუციაში ერთხელ უკვე შევიდა ცვლილები, რომლითაც გაიზარდა პარლამენტის ზედამხედველობის როლი. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით, ქვეყანაში არ არსებობს კანონები, რომლებიც ამ ცვლილებების განხორციელებას შესაძლებელს გახდის.

ამასთანავე არ არსებობს იმის ნიშნებიც, რომ ბაშარ ასადი მზადაა პოლიტიკური რეფორმებისთვის და პრეზიდენტის როლის შესუსტებისთვის. ამ დროისთვის სირიის პარლამენტი არ წარმოადგენს ძალაუფლების დამოუკიდებელ შტოს, რადგან პრეზიდენტი ამავდროულად მმართველი პარტიის ხელმძღვანელია. ხოლო ამ პარტიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, პრეზიდენტის მხარდაჭერა და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციაა.

ივნისში ბაშარ ასადმა თანამდებობიდან გადააყენა პრემიერმინისტრი, იმად ხამისი. გადაწყვეტილება, ასადმა, ეკონომიკური კრიზისით უკმაყოფილო მოსახლეობის დასამშვიდებლად მიიღო. გასულ თვეში სირიის რამდენიმე მნიშნველოვან ქალაქში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები გაიმართა, დემონსტრანტები უკიდურეს სიღარიბეს და კორუფციას აპროტესტებდნენ.

გასული წლების განმავლობაში სირიაში სურსათი 200%-ით გაძვირდა, მოსახლეობის 80%-ზე მეტი კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. 

კომენტარები