გენდერული კვოტირება

წულუკიანი კანდიდატებზე: შესაძლებელია ყოფილიყო მეტი, იყო ერთი ქალი, ყველაზე მეტს იღიმოდა

საქართველოს მთავრობა

"მე ამას ცოტა ირონიულად ვუყურებ და ვთვლი, რომ არა უშავს, თუ კაცები უფრო მეტს იწვალებენ, ერთხელ მაინც, ვიდრე ქალები ვწვალობთ ხოლმე და წავლენ და ველზე იბრძოლებენ. მაჟორიტარული ოლქის მოგება არის ძალიან ძნელი..." – ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კითხვას, თუ რატომ არ მოხდა მაჟორიტარულ ნაწილში კვოტირების ვალდებულების შეტანა.

20 ივნისს ქართული ოცნების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის 30 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ ერთია. წულუკიანის თქმით, კვოტირება არ ეხება მაჟორიტარულ ნაწილს, ამიტომაც არ იყო ვალდებულება.

"ვალდებულება რომ არ იყო, ამის მიუხედავად, შესაძლებელი იყო, რომ ყოფილიყო უფრო მეტი ქალი, მაგრამ არ იყო. იყო ერთი ქალი, რომელიც ყველაზე მეტად იღიმოდა და ყველაზე მეტად იყო მოწადინებული. სახეზე ეტყობოდა, რომ ხვალვე გაიმარჯვოს არჩევნებში". – ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თეა წულუკიანი.

2 ივლისს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, აუცილებელია, რომ პარტიას საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე, მაინც, განსხვავებული სქესის ჰყავდეს. გენდერული კვოტების მიღებას მხარს უჭერდნენ ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ევროპულმა საქართველომ, შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე ამ კომენტარში სწორედ მათ გულისხმობდა. 

აღსანიშნავია, რომ ევროპულ საქართველოს პარლამენტში ამ დროისთვის 19 დეპუტატი ჰყავს და სავალდებულო გენდერული კვოტირების გარეშეც, მათგან ყოველი მეოთხე ისედაც ქალია. შესაბამისად, ახალი რეგულაცია პარტიისთვის არაფერს ცვლის. ამასთან, თბილისის საკრებულოში ევროპული საქართველოს სამი წევრიდან ერთი ქალია. ასევე, თბილისში დასახალებული მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატიდან ერთი ქალია. 

ეს იმ ფონზე, როდესაც დღეს კვოტების ინიციატორი პარტიის, ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ 30 მაჟორიტარ კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი იმიტომაა, რომ კანონი მაჟორიტარ კანდიდატებში გენდერულ კვოტირებას არ ითვალისწინებს.

კომენტარები