დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბაზრობებზე ზომებს უფრო გაამკაცრებენ. კერძოდ, აუცილებელი იქნება თერმოსკრინინგი, ასევე სიმპტომებიან ადამიანებს და მათ კონტაქტებს ტესტირებას ჩაუტარებენ. მისი განმარტებით, Covid 19-ით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრები სწორედ ბაზრობებზე მუშაობდნენ. ამ დროისთვის, ისინი კლინიკებში მკურნალობენ და მათი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.
"ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან, მუშაობენ სხვადასხვა ბაზრობაზე, ამიტომ ზომები გასამკაცრებელი იქნება მთელ რიგ, მათ შორის, დინამოს, ლილოს, სხვადასხვა სასურსათო პროდუქტის ბაზრობაზე. ყურადღება მეტი, თერმოსკინინგი, შესაბამისად, სიმპტომებიანი ადამიანების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მათი გადაყვანა კარანტინში. ვისაც დაუდგინდება კორონავირუსი PCR-ით, იქ შესაბამისი მკურნალობა". – თქვა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ "საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო ზომების კიდევ უფრო გამკაცრების გადაწყვეტილება".





