ლუკა სირაძის საქმე

ბექა სირაძე მეუფე ნიკოლოზზე: კარგი იქნება, თუ ჩოლოიანს მოუწოდებს, დანაშაული აღიაროს

ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებებს აფასებს იმის თაობაზე, რომ "სისტემის ჯოხის ერთ ადამიანზე გადატეხვა სწორად არ მიაჩნია" და რომ "თვითმკვლელობის ფაქტი დადასტურებული არ არის, შესაბამისად, ლოცვას აგრძელებენ".

ბექა სირაძემ ტვ პირველს უთხრა:

"როცა საპატრიარქოდან მოვიდნენ, ავუხსენი, რომ თვითმკვლელობის ფაქტის დამადასტურებელი ადამიანი არ მოიძებნება, არავის დაუნახავს.

როგორც თვითონვე ამბობს [ნიკოლოზ ფაჩუაშვილი], ეკლესია იხრება მოწყალებისკენ და ამის გამო აუგეს წესი [ლუკა სირაძეს].

დღემდე ამ აზრზე ვართ, რომ ჯერ არავის დაუდასტურებია, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, არ ვიცი, საიდან შეექმნა ამ ადამიანს წარმოდგენა, რომ ოჯახის პოზიცია ის იყო, რაც თქვა.

მე ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ [ნიკოლოზ ფაჩუაშვილი] მარიანა ჩოლოიანს მოუწოდებს, აღიაროს დანაშაული და დაასახელოს ის ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად ძალადობდნენ ფსიქოლოგიურად ჩემს ძმაზე. ასევე მას შეუძლია, მივიდეს პირველ განყოფილებაში და მოუწოდოს პოლიციელებს, აღიარონ დანაშაული, რათა მარიანა ჩოლოიანზე არ გადატეხონ ჯოხი". - თქვა მან.

გუშინ, 18 ივლისს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა თქვა, რომ ლუკა სირაძისთვის ეკლესია დღემდე აგრძელებს ლოცვას, ვინაიდან სასულიერო პირებს "იმედი აქვთ და ოჯახმაც" ასე დაარწმუნა, რომ ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა.

მან ასევე თქვა, რომ "სისტემის ჯოხის ერთ ადამიანზე გადატეხვა არ იქნება სწორი" და ამ ერთ ადამიანში მარიანა ჩოლოიანი იგულისხმა.

ლუკა სირაძის საქმეზე სწორედ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა აქვს შეფარდებული.

15 წლის ლუკა სირაძე კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იყო. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა.ელიკო ჩხიტუნიძემ თავად დაასტურა ის, რასაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მანამდეც ამბობდა - გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება". ფაქტი, რომ მოზარდი 20 წუთის განმავლობაში მშობლის გარეშე იმყოფებოდა პოლიციაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 19 დეკემბერს დაადასტურა.

ასევე, საქმიდან ცნობილია, რომ გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია.

მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაინიშნა საგანგებო ბრიფინგი, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჩვენების იძულებით მიღებისთვის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის მტკიცებით, მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მარიანა ჩოლოიანის გარდა, კიდევ, მინიმუმ, სამი პოლიციელი ახდენდა.

კომენტარები