ლუკა სირაძის საქმე

მეუფე ნიკოლოზი: თუ თვითმკვლელობა არ მტკიცდება, აქამდე მიყვანისთვის დასჯა არასწორია

ტვ პირველი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ლუკა სირაძის საქმეზე ამბობს, რომ, თუ თვითმკვლელობა არ მტკიცდება, თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დასჯა არასწორია.

ტვ პირველის ეთერში მიტროპოლიტმა თქვა:

"თუ ბავშვის თვითმკვლელობა არ მტკიცდება, ადამიანის დასჯა თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის არის სწორი, ჩემი აზრით. თორემ, თუ გადაცდომა იყო, თუ არასწორად დაკითხა, თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა, რა თქმა უნდა, ამისთვის სასჯელი უნდა მოიხადოს არა მარტო მარიანა ჩოლოიანმა, არამედ ყველამ, ვისაც უმტკიცდება ეს დანაშაული".

გუშინ, 18 ივლისს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ასევე თქვა, რომ ლუკა სირაძისთვის ეკლესია დღემდე აგრძელებს ლოცვას, ვინაიდან სასულიერო პირებს "იმედი აქვთ და ოჯახმაც" ასე დაარწმუნა, რომ ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა.

მან ასევე თქვა, რომ "სისტემის ჯოხის ერთ ადამიანზე გადატეხვა არ იქნება სწორი" და ამ ერთ ადამიანში მარიანა ჩოლოიანი იგულისხმა.

ლუკა სირაძის საქმეზე სწორედ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა აქვს შეფარდებული.

15 წლის ლუკა სირაძე კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იყო. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა.ელიკო ჩხიტუნიძემ თავად დაასტურა ის, რასაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მანამდეც ამბობდა - გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება". ფაქტი, რომ მოზარდი 20 წუთის განმავლობაში მშობლის გარეშე იმყოფებოდა პოლიციაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 19 დეკემბერს დაადასტურა.

ასევე, საქმიდან ცნობილია, რომ გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია.

მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაინიშნა საგანგებო ბრიფინგი, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჩვენების იძულებით მიღებისთვის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის მტკიცებით, მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მარიანა ჩოლოიანის გარდა, კიდევ, მინიმუმ, სამი პოლიციელი ახდენდა.

კომენტარები