აშშ-საქართველო

ზურაბიშვილი: თარგმანის პრობლემაა, კონგრესში კანონპროექტის განხილვა სანქციებად წარმოაჩინეს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, აშშ-ის კონგრესის ასიგნებების კომიტეტში შეტანილი კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს, თარგმანის პრობლემაა.

დისკუსიაზე სახელწოდებით "პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილება: გამოწვევები, შესაძლებლობები, გზა მომავლისკენ" სალომე ზურაბიშვილმა დასავლელ დელეგატებს მიმართა:

"თქვენ, როგორც უცხო ქვეყნების წარმომადგენლებმა, ამ პერიოდში უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ როგორ არის ქართველი საზოგადოებისათვის მიწოდებული თქვენი კომენტარები და თქვენი ქვეყნის რეაქციები; ჩვენ გვესმის ენასთან და ზოგ შემთხვევაში, თარგმანთან დაკავშირებული პრობლემები. მსურს, რამდენიმე მაგალითი წარმოგიდგინოთ, თუ როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია ასეთ გაუგებრობებს ჩვენს ურთიერთობასა და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე. აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტში კანონპროექტის ბოლოდროინდელი განხილვა და გარკვეული ცვლილებები საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ "სანქციებად" წარმოაჩინეს.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს დამახინჯებული წარმოჩინებაა და დღეს ნამდვილად არ არსებობს სანქციების საფუძველი - მდგომარეობა საპირისპიროა. ჩვენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მადლიერები ვართ. ისინი, მათ შორის აშშ-ის საელჩო საქართველოში, ზემოთ აღნიშნული განვითარებების მიმართ პატივისცემას იჩენენ. თუმცა ასეთი ფორმულირება და არასწორი წარმოჩინება ჩვენს ქვეყნებს შორის ჰარმონიული და მჭიდრო ურთიერთობებისათვის საზიანოა და მხოლოდ ჩვენი პარტნიორობის დასუსტების მსურველთა წისქვილზე ასხამს წყალს.".

2020 წლის 9 ივლისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი 2021 წლის სახელმწიფო საგარეო ოპერაციებისა და დაკავშირებული პროგრამების შესახებ.

ამ კანონპროექტით ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვა საერთაშორისო პროგრამები.

სწორედ ამ კანონპროექტითაა გათვალისწინებული, რომ შესაძლოა, აშშ-მ საქართველოს ფინანსური დახმარების 15% შეუჩეროს.

როგორც დოკუმენტისთვის თანდართული შესწორებით ირკვევა, აშშ-ს "სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ჩარევისგან გათავისუფლების, გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის საჭირო რეფორმების გატარების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი მედიის უფლებების დაცვის და მთავრობის ფუნქციონირებაში, კანონის და რეგულაციების გავრცელებაში ოლიგარქის არაფორმალური გავლენის შეზღუდვის მიმართულებით".

შემდგომში სწორედ ამის მიხედვით გადაწყდება, მოაკლებს თუ არა აშშ საქართველოს დახმარების 15%-ს.

კომენტარები