ოკუპირებული აფხაზეთი

გავრილოვი, ბასკოვი, კუსტურიცა - ოკუპირებული აფხაზეთის "კეთილი ნების ელჩები"

ტვ. პირველი

სერგეი გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის "კეთილი ნების ელჩი" გახდა.

ტიტული, გავრილოვის გარდა, მიიღეს რუსმა მომღერლებმა, ვალერიამ და ნიკოლაი ბასკოვმა, ასევე სერბმა რეჟისორმა, ემირ კუსტურიცამ."კეთილი ნების ელჩი" მოძრაობაა, რომელიც 2017 წლის ივნისში, მოსკოვში დაფუძნდა. ეხო კავკაზას ცნობით, ამ სამ წელიწადში არაერთი სოციალური, კულტურული, სპორტული და სხვა სახის ღონისძიება ჩატარდა. ტიტულს კი რეჟისორები, მსახიობები, სპორტსმენები და პოლიტიკოსები ფლობენ.

რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ ხმა მისცა გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა. არაერთი წყაროს ცნობით, გავრილოვი აფხაზეთის ომში მონაწილეობდა და საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა.

2019 წლის ივნისში გავრილოვი საქართველოში "მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში", ქართული ოცნების დეპუტატების მოწვევით და ნებართვით ჩამოვიდა.

ასამბლეის ფარგლებში ღონისძიება 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარდა.

20 ივნისის დილას ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა, შემთხვევით აღმოაჩინა, რომ რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა. ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსნის საკანონმდებლო ორგანოს იმ დარბაზში, სადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და, მით მეტეს, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯდომამ, ოპოზიციური პარტიების ლიდერების აღშფოთება გამოიწვია.

ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, გიორგი კანდელაკმა, ელენე ხოშტარიამ, კაკო ბობოხიძემ, სალომე სამადაშვილმა და თინა ბოკუჩავამ სხდომის ჩაშლა მოახერხეს. გადაწყდა, რომ სხდომა დაგეგმილ ადგილას ვეღარ ჩატარდებოდა და დღის წესრიგში დადგა მისი სხვაგან გადატანის აუცილებლობა.

ამის პარალელურად მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან შეკრება და გაპროტესტება დაიწყეს. პროტესტი ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზით, რეზინის და წითელი რაკეტისებრი ტყვიებით და წყლის ჭავლით დაშალა.

კომენტარები