საბურთალოს ქუჩები, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

თბილისის მერია აქვეყნებს იმ ქუჩების ჩამონათვალს, სადაც 10 სექტემბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.

ერთი საათით პარკირების საფასური ერთი ლარი იქნება, ხოლო ადგილობრივებს შეეძლებათ, საკუთარი ავტომობილები დაარეგისტრირონ და უფასოდ შეძლონ პარკირება.

მერიის ცნობით, პარკირების ახალი სისტემა სრულად დაფარავს პეკინის გამზირს, აგრეთვე მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებს გამრეკელის ქუჩის კვეთამდე, ყაზბეგის გამზირზე კარტოზიას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე საგზაო მონაკვეთზე, ხოლო ვაჟა-ფშაველას გამზირზე პეკინის გამზირიდან ასათიანის ქუჩის კვეთამდე.

მერიის ცნობით, საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის 1 039 ადგილი იქნება განკუთვნილი: ყაზბეგის გამზირზე 371, პეკინის გამზირზე 209, ვაჟა-ფშაველას გამზირზე 305, ბახტრიონის ქუჩაზე 52, ცინცაძის ქუჩაზე 31, მიცკევიჩის ქუჩაზე კი 71.

კომენტარები