კორონავირუსი

კორონავირუსი ავღანეთში კიდევ 10 ქართველ ჯარისკაცს დაუდასტურდა, ჯამში - 38-ს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში კორონავირუსი კიდევ 10 ქართველ ჯარისკაცს დაუდასტურდა. ჯამში, დაინფიცირდა 38 ქართველი სამხედრო მოსამსახურე. 

10 ინფიცირებული საქართველოში დღეს, 17 ივლისს ჩამოიყვანეს. 

28 ჯარისკაციდან, რომელთა ინფიცირების შესახებ უწყებამ ინფორმაცია 10 ივლისს გაავრცელა, 8 გამოჯანმრთელდა.  

"დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფექცია გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ინფიცირების წყარო იმავე კლასტერს - ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება", - ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ავღანეთში სხვა ქართველ ჯარისკაცებს კორონავირუსი არ უდასტურდებათ. ინფიცირებულები საიზოლაციო სივრცეებში იყვნენ მოთავსებული. ისინი მკურნალობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალებში გააგრძელებენ.  

"დარჩენილი ქართული კონტინგენტის ნაწილი, რომელიც როტაციის წესით საქართველოში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება, დადგენილი წესის შესაბამისად 2-კვირიან კარანტინს გაივლის", - წერია განცხადებაში.

კომენტარები