ოკუპირებული ცხინვალი

ცხინვალი: საქართველოს მოქალაქემ საზღვარი ყურწვეტა მღამიობის დასაჭერად გადაკვეთა

flickr

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ოთხშაბათს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც 3 ივლისს ხვიჩა მღებრიშვილმა საზღვარი ღამურების დასაჭერად გადაკვეთა. კომიტეტის ინფორმაციით ხვიჩა მღებრიშვილის მიზანი იყო მოეპოვებინა ყურწვეტა მღამიობის სახეობის ღამურები, რათა შემდეგ თითოეული 5000 აშშ დოლარად გაეყიდა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ღამურებს ლუგარის ლაბორატორიას უკავშირებს. კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2018 წლიდან ლუგარის ლაბორატორია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტთან ერთად 2.9 დოლარის ღირებულების პროექტშია ჩართული, რომელიც ღამურებს და კორონავირუსს იკვლევს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას ლუგარის ლაბორატორიის შესახებ.

რუსეთმა ჰიბრიდული თუ სხვა სახის ომი ლუგარის კვლევით ცენტრს ჯერ კიდევ მაშინ გამოუცხადა, როდესაც ლაბორატორიის მშენებლობაც კი არ იყო დასრულებული. მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდის მანქანა სხვადასხვა გზით, იქნებოდა ეს კრემლის მედია თუ თავად რუსი მაღალჩინოსნებისა, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის საჯარო განცხადებები, არაერთ ტყუილს ავრცელებდა ლაბორატორიის შესახებ.

რუსეთი საქართველოსგან მოითხოვს, ჰქონდეს ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის და ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომის უფლება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება 28 მაისს გამოაქვეყნა. რუსეთი აცხადებს, რომ, შესაძლოა, საქართველოში "ამერიკული საომარი და ბიოლოგიური მოქმედებები მიმდინარეობდეს".

უფრო მეტი ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და ისტორიის შესახებ წაიკითხეთ აქ.

უფრო დეტალურად იმაზე, თუ როგორ ავრცელებს რუსეთი დეზინფორმაციას ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, შეგიძლიათ წაიკითხოთ პოლ სტრონსკის სტატიაში სათაურით "ყოფილი საბჭოთა ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიები Covid-19-ს ებრძვიან. მოსკოვს ეს არ მოსწონს".

კომენტარები