აშშ-რუსეთი

პომპეო: ვაფრთხილებთ Nord Stream 2-ში ჩართულ კომპანიებს, ახლავე გამოდით, ან გარისკეთ სანქციები

მაიკ პომპეო
Getty Image

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ინვესტორები გააფრთხილა, რომ, თუ რუსული გაზსადენების პროექტებში ჩაერთვებიან, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2017 წლის სანქციების აქტით Nord Stream 2-ის და Turkstream-ის გაზსადენების პროექტებში ჩართულ ევროპელ ინვესტორებს ემუქრება რისკი, რომ სანქციები მათზეც გავრცელდეს.

"ეს ნათელი გაფრთხილებაა იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ და მონაწილეობენ რუსეთის მავნებლური გავლენის პროექტებში, რომ ჩვენ ამისადმი ტოლერანტულები არ ვიქნებით. ახლავე გამოდით, ან გარისკეთ და მიიღეთ ის შედეგები, რაც დარჩენას მოჰყვება". - თქვა პომპეომ.

პომპეოს განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა. მან თქვა, რომ გაზსადენებზე დაწესებული სანქციები პოლიტიკური ზეწოლაა.

"ეს არის პოლიტიკური ზეწოლა უსამართლო კონკურენციის მისაღწევად. ეს ამერიკული სისტემის სისუსტეს აჩვენებს. ძალადობრივი მეთოდების გარდა მათ სხვა ეფექტური ხელსაწყოები არ გააჩნიათ". - თქვა მან.

Nord Stream 2-ის გაზსადენი, რომელიც ბალტიის ზღვაზე გაივლის გერმანიას ყოველწლიურად 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწოდებს და ამით უკვე არსებული Nord Stream-ის გაზსადენით მიწოდებული ბუნებრივი აირის რაოდენობას გააორმაგებს. აშშ-მ არაერთხელ მოუწოდა გერმანიას, უარი თქვას პროექტზე, რათა არ გახდეს უფრო მეტად ენერგოდამოკიდებული რუსეთზე.

"თუ ეს პროექტი დასრულდება, ის ძირს გამოუთხრის ევროპის უსაფრთხოებას და გააძლიერებს რუსეთის შესაძლებლობას, გამოიყენოს ენერგორესურსები ევროპელ პარტნიორებსა და მოკავშირეებზე ზეწოლისათვის. პროექტი შეაჩერებს ევროპის ენერგოდივერსიფიკაციის პროცესს. ეს პროექტი ასევე მკვეთრად შეზღუდავს უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის გადატანას, რაც უკრაინის მთავრობას წაართმევს მნიშვნელოვან შემოსავალს, რომელსაც ტრანზიტით იღებდნენ და შეამცირებს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შემაკავებელ ბერკეტებს". - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

Nord Stream 2-ის მშენებლობა გასულ დეკებერს შეჩერდა, როდესაც შვეიცარიულ-ნიდერლანდური კომპანია Allseas პროექტიდან აშშ-ს სანქციების გამო გავიდა. პროექტს ახლა გაზპრომი აგრძელებს და მის ნახევარსაც აფინანსებს 9.5 მილიარდი ევროთი.

პროექტში რჩებიან ავსტრიული კომპანია OMV, გერმანული Uniper და Wintershall, ბრიტანულ-ნიდერლანდური კომპანია Royal Dutch Shell Plc და ფრანგული Engie.

2020 წლის იანვარში, გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი სხვის დაუხმარებლადაც დაასრულებს პროექტს, თუმცა, ამისთვის უფრო მეტი დრო დასჭირდება. იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ვლადიმირ პუტინმაც. ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს პუტინმა თქვა, რომ რუსეთი გაზსადენის მშენებლობას 2020 წლის ბოლომდე ან 2021 წლის პირველ ნახევარში დაასრულებს.

გასულ თვეს ამერიკელი სენატორების ჯგუფმა კონგრესში შეიტანა Nord Stream 2-ის სანქციების კანონპროექტი, რომელიც ძალაში შევა მას შემდეგ, რაც კონგრესი მას მხარს დაუჭერს და ტრამპი ხელს მოაწერს. კანონპროექტი უკვე არსებული სანქციების გამკაცრებას გულისხმობს და მოიცავს სასჯელს იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც მონაწილეობენ მილების გაყვანაში, წყალქვეშა სამუშაოებში, პროექტის დაზღვევაში და ა.შ. კანონპროექტის წარმდგენი სენატორები პომპეოს განცხადებას გამოეხმაურნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მიესალემბა ტეხასელი რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი:

"ეს უნდა იყოს შეხსენება ყველასთვის, რომ, ის, ვინც ხელს შეუწყობს Nord Stream 2-ის გაყვანას, აშშ-ს მკაცრი სანქციების წინაშე აღმოჩნდება". - წერს ის Twitter-ზე.

"წლების მანძილზე რუსეთი ენერგორესურსებს გეოპოლიტიკურ იარაღად იყენებდა. Nord Stream 2 რუსული მახეა. კონგრესი მზადაა, მიიღოს ორპარტიული კანონი და მისცეს ადმინისტრაციას მეტი შესაძლებლობა, შეაჩეროს ეს სახიფათო გაზსადენი". - წერს სენატორი ჯონ ბარასო.

"კომპანიებმა, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობაში, პროექტი დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ, ან დადგებიან აშშ-ს სანქციების წინაშე. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კრემლი დაემუქროს ევროპის და ნატოს ენერგო-უსაფრთხოებას". - წერს სენატორი ტომ კოტონი.

კომენტარები