კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

ჯოხთაბერიძის პასუხი ბექაურს: TeliaSonera-ს გასვლის მიზეზები მის ანგარიშში კარგად ჩანს

მაგთიკომის დამფუძნებელი, გია ჯოხთაბერიძე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებას პასუხობს.

ბექაური გამოეხმაურა ჯოხთაბერიძის გამონათქვამებს 10 ივლისის კომიტეტის სხდომაზე, როცა მან თქვა, რომ ბექაურის ქმედებების გამო ქართული ბაზარი "ორმა უმსხვილესმა ტრანსატლანტიკურმა კომპანიამ დატოვა".

მოგვიანებით ბექაურმა ჯოხთაბერიძის პასუხად განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ის ორი კომპანია, რომლებსაც მაგთიკომის დამფუძნებელი გულისხმობდა, თელიასონერა და ვიონი იყო. აქედან პირველმა, ბექაურის თანახმად, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის დატოვება გადაწყვიტა, რისი მიზეზიც 2015 წლის კორუფციული სკანდალი გახდა.

როგორც გია ჯოხთაბერიძის საპასუხო განცხადებაში ვკითხულობთ, "თელიასონერას საქართველოდან გასვლის მიზეზები კომპანიის 2017 წლის ოფიციალურ ანგარიშში ცხადად ჩანს" და მაგთიკომის დამფუძნებლის ნათქვამი სწორედ ამ ანგარიშს ეყრდნობოდა.

ჯოხთაბერიძე მიუთითებს ანგარიშის იმ ნაწილზე, სადაც ნათქვამია, რომ ევრაზიის ქვეყნებში (საქართველო, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, მოდლოვა, ნეპალი) "პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და რეგულატორული სისტემები ნაკლებად პროგნოზირებადი იყო განვითარებულ ბაზრებთან შედარებით".

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, "ამ ბაზართა ხასიათი მნიშვნელოვნად ართულებს ოპერაციების პროცესს, რაც, მათ შორის, განპირობებულია სახელმწიფოს პოტენციური ჩარევით" და "ამ განვითარებად ბაზრებზე პოლიტიკური სიტუაცია, შესაძლებელია, შენარჩუნდეს, ან გახდეს კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი".

პარლამენტი მიმდინარე დღეებში განიხილავს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინციატივას, რომლის მიხედვით, მარეგულირებელს მიენიჭება უფლებამოსილება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში ორი წლით სპეციალური მმართველი დანიშნოს, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება ექნება.

ინიციატივის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები