კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

ია ანთაძე, შორენა შავერდაშვილი და სხვები GNCC-ის პლატფორმაზე მედიას გააკრიტიკებენ

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მედიის კრიტიკას იწყებს.

პლატფორმა Mediacritic.ge უკვე ჩაშვებულია. GNCC-ის განცხადებით, მისი მიზანი "ინფორმაციის კრიტიკული აღქმისა და საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობაა".

მთავარი მედია კრიტიკოსები ია ანთაძე (GDS-ის ყოფილი თანამშრომელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი), შორენა შავერდაშვილი (ლიბერალის ყოფილი მფლობელი), ბასა ჯანიკაშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი), ზვიად ავალიანი (POSTV), რეზო საყევარიშვილი (იმედის ყოფილი გენერალური დირექტორი), ზაზა ფირალიშვილი (ფილოსოფოსი) არიან.

GNCC-ის განცხადებაში წერია, რომ "Mediacritic.ge იქნება გზამკვლევი საზოგადოებას და მედიას შორის, იმავდროულად ონლაინ პლატფორმა ხელს შეუწყობს ჟურნალისტებისა და პროდიუსერების პროფესიულ განვითარებას.

მედიაკრიტიკის მიმართულების განვითარების მიზნით, მედია აკადემიამ პროფესიონალ ჟურნალისტებთან და მედიის ექსპერტებთან ერთად, შეიმუშავა საკუთარი მედია პლატფორმა, სარედაქციო კოდექსი, რომელსაც დაეფუძნება მედიააკადემიაში მიმდინარე სასწავლო-აკადემიური პროცესიც".

GNCC მიუთითებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ონლაინ და სოციალური მედია ხშირად ინფორმაციულ ქაოსს ქმნის, ყოველდღიურად ვრცელდება სხვადასხვა შინაარსის ფეიკ-ნიუსები, საზოგადოებას სჭირდება მაღალი სტანდარტის მედიაკრიტიკა, რომელიც შექმნის ინფორმაციის პროფესიულ და კვალიფიციურ ფილტრს.

და ვინაიდან, მათი თქმით, მსგავსი პლატფორმა მედიაში არ არსებობს, კრიტიკოსის ფუნქციას სწორედ GNCC შეითავსებს.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმის მედია კრიტიკოსები პროსახელისუფლებო განწყობებით გამოირჩევნიან, ვებ გვერდზე კი მმართველი გუნდის პოლიტიკის და რეფორმების მხარდამჭერი მასალებია გამოქვეყნებული. 

კომენტარები