10 სექტემბრიდან პეკინსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ათი სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

მანქანის ერთი საათით პარკირება ერთი ლარი ეღირება.

ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, დაარეგისტრიროს საკუთარი ავტომობილები, რის შედეგადაც პარკირების საფასურს აღარ გადაიხდის.

"რაც შეეხება სხვა რაიონებიდან შემოსულ ადამიანებს, მათთვის იქნება ფასიანი – საათი – ერთი ლარი". – ამბობს თბილისის მერი

კახა კალაძე ამბობს, რომ ათი აგვისტოდან პეკინზე ათი საინფორმაციო ჯიხური განთავსდება, რათა "მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს კონკრეტული პროექტი".

ზონალურ-საათობრივი სისტემის ამოქმედების შემდეგ შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკირება აგრეთვე უფასო იქნება.

როგორც თბილისის მერი ამბობს, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანზე მოქმედი ზონალურ-საათობრივი სისტემა "ძალიან წარმატებული პროექტი არის" და მერია მას ეტაპობრივად ყველა რაიონში დანერგავს.

კომენტარები