კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 4 ახალი შემთხვევიდან 3 შემოტანილია, ერთის ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება

რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგაბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 3 შემოტანილია, ერთის ინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით უცნობია. 

ეზუგბაიას თქმით, სამი იმპორტირებული შემთხვევიდან 2 სატვირთოს მძღოლია, ერთი კი საკარანტინო სივრციდან არის. 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 26 პაციენტი მკურნალობს. კლინიკაში გუშინ, 14 ივლისს, კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტი მიიღეს. ეზუგბაიას თქმით, სამივე შემთხვევა იმპორტირებულია – ერთი სომხეთიდან, ორი ყირგიზეთიდან. მათგან ერთს მსუბუქი პნევმონია აქვს.

ეზუგბაიას თქმით, ამ დრომდე თითქმის ყველა ინფიცირებულის წყარო დადგენილია.   

"ალბათ, ეს ახალი შემთხვევაც ასე იქნება, უბრალოდ დღეს არ არის ცნობილი მისი წყარო. მას დასჭირდება ჩაღმავებული კვლევა". – თქვა მან.  

დღეს, 15 ივლისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19 1 003 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 873 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

კომენტარები