ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გამანაწილებელ კომპანიებს წილების გაყიდვა ეზღუდებათ, "საკუთრების უფლებას არანაირად არ ლახავს".
ამის შესახებ დავით ნარმანიამ დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტზე ევროპული საქართველოს დეპუტატის, სერგი კაპანაძის კითხვის პასუხად ისაუბრა. კაპანაძემ სემეკის წარმომადგენლებს ჰკითხა, როგორ იყო ეს კანონპროექტი კონსტიტუციასთან შესაბამისი.
სერგი კაპანაძე: აქ თქვენ ამბობთ, რომ ინფორმაციის სისწორის სისრულეზე პასუხისმგებელი არის ოპერატორი. კი ბატონო, მართალი ხართ და სხვა სამართლის სფეროებშიც ასე არის, მაგრამ ინფორმაციას რომ მოგაწოდებენ და კონკრეტულ საკითხზე შეიძლება იყოს ან შეცდომა დაშვებული, ან თქვენ მიიჩნიეთ, რომ რაღაც არასწორია. ახლა თქვით, რომ აქ ისეთი ჩანაწერიაო, საშუალებას მისცემს მათ, რომ რამე არასწორი არ მოგვაწოდონო, მაშინ თქვენ აქ სიტყვა "შეგნებულად" გამოგრჩათ?
ანუ შეგნებულად თუ არასწორად მოგაწოდებთ, ასეთ შემთხვევაში კიდევ გავიგებ, მაგრამ მან რომ ინფორმაცია მოგაწოდათ, თქვენ რომ ჩათვალეთ, რომ რაღაც არასრულია და ამის საფუძველზე რომ იტოვებთ უფლებას, უარი უთხრათ ტრანზაქციაზე და საკუთრების უფლებაში ჩაერიოთ, ეს ან კონსტიტუციური როგორ არის, ან კანონში როგორ ჯდება, ეს არ მესმის აბსოლუტურად. შეგნებულად გავიგე, თუ რაღაც არასწორად მოგაწოდათ კი ბატონო.
დავით ნარმანია: ამ საკითხს რაც შეეხება, ეს არანაირად არ ლახავს საკუთრების უფლებას. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ პირმა წარმოადგინა ინფორმაცია და მარეგულირებელმა კომისიამ დაინახა ის, რომ ამ ინფორმაციაში რაღაც არის ან ხარვეზიანი, ან არასწორად წარმოდგენილი, ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია დაუბრუნოს უკან ან მიუთითოს ხარვეზის შესახებ და უკან დააბრუნოს შევსებული დოკუმენტი, მაგრამ თუ შეგნებულად არის ინფორმაცია დამალული, თუ აქ ვნახავთ, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს წევრია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან წამოსული ფულია, ან სხვა ისეთი რამ არის, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ასეთ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას, რომ უარი ვუთხრათ ამ გარიგებაზე, რატომ ლახავს ეს საკუთრების უფლებას? წილს განა კარგავს მესაკუთრე, უბრალოდ, იმაზე ვერ გაასხვისებს და გაასხვისებს სხვაზე.
სერგი კაპანაძე: ეგ გავიგე, შეიძლება სწორად მსჯელობთ, მაგრამ ეს აქ არ წერია. ოკუპანტს თუ მიყიდი, მაშინ რომ გქონდეთ ჩარევის საშუალება, მაგაზე პრობლემა არავის არ აქვს, ოღონდ ეგ აქ თუ არ წერია, შეიძლება, საფუძვლად ისიც გამოიყენოთ თქვენ, რომ მაგალითად, თანდართულ დოკუმენტაციას რაღაც აკლდა და ამის გამო ჩაერიოთ და მოახდინოთ მისი საკუთრების უფლების შეზღუდვა.
დავით ნარმანია: თუ გნებავთ, ეს შეგვიძლია აქვე დავაზუსტოთ, ან მარეგულირებელი კომისია, როცა ამ ცვლილებების საფუძველზე სპეციალურ აქტს მიიღებს, რომლითაც დარეგულირდება ეს კონკრეტული ნიუანსები, იქ, რა თქმა უნდა, დეტალურად იქნება გაწერილი ეს ყველაფერი.
სერგი კაპანაძე: ეს ვერ იქნება პოსტ-ფაქტუმ. კანონი უნდა იყოს გამჭვირვალე. ეს არის ამის არსი. განჭვრეტადი თუ არ არის კანონი, შეუძლებელია, რომ თქვენ აქ დაწეროთ... მაგალითად, აი, წეღან რაც ვახსენე, დაწეროთ სხვა გარემოებები და იფიქროთ, რომ სხვა გარემოებებს მერე დააზუსტებთ. ეს არ არის განჭვრეტადი.
დავით ნარმანია: ჩვენ ვთქვით, რომ ეს სხვა გარემოებები შეგვიძლია ამოვიღოთ კიდეც იმიტომ, რომ თუ ჩვენ დაგვჭირდება, კანონის სხვა მუხლები ამ ჩანაწერის გარეშეც შეგვიძლია მოვიშველიოთ, როცა ლიცენზირებასთან დაკავშირებით პირობებს დაარღვევს ან სხვა რამეს. ამიტომ, ეს საერთოდაც რომ ამოვიღოთ, არ დაშავდება არაფერი. გვქონდა ჩვენ აპარატთან ამაზე საუბარი.
---
კანონპროექტის მიხედვით, სანამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელი კომპანია 5%-იან ან უფრო მსხვილ წილს გაყიდის, ან მფლობელს შეიცვლის, ვალდებული იქნება, ამის შესახებ სემეკს აცნობოს. ამის შემდეგ სემეკს სამი თვე ექნება იმის განსახილველად, მისცემს თუ არა კომპანიას ნებართვას წილის გასხვისებაზე.
სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ ამ ცვლილების საჭიროება წარსული გამოცდილებაა. დავით ნარმანია საუბრობს წინა ხელისუფლების დროინდელ გარიგებებზე, რომლებმაც, მისი თქმით, "ნეგატიური გავლენა იქონია სისტემაზე". სემეკის თავმჯდომარეს ამის მაგალითად ყაზტრანსგაზის შემოყვანა მოჰყავს.