დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძე ჭიაბერაშვილს: დავარღვიე კანონი, მაგრამ არ დამირღვევია მორალური კანონი

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუდნაძე ჭიაბერაშვილის კითხვის პასუხად ამბობს, რომ მან კანონი დაარღვია, თუმცა, არ დაურღვევია მორალური კანონი.

ევროპული საქართველოს წევრის შეკითხვა კორონავირუსთან ბრძოლის სამთავრობო კომისიის ფარგლებში ჰოსპიტალური სექტორის შემოწმებას ეხებოდა.

ჭიაბერაშვილმა ხუნდაძეს უთხრა:

"ჯანდაცვის კომიტეტის რამდენიმე წევრმა მოგწერეთ წერილი იმის თაობაზე, რომ ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც გაგემხილათ იმ ანგარიშის შესახებ, რაც კომისიას წარუდგინეთ, როგორია ჰოსპიტალური სექტორის, სისტემის მზაობა. მოგთხოვეთ კრიტერიუმები, რითი ამოწმებდით საავადმყოფოებს, მაგრამ ამის მიღმა მოგთხოვეთ ისიც, გეთქვათ, რა მდგომარეობა დაგხვდათ ჰოსპიტალურ სექტორში. თქვენ ეს არ გააკეთეთ. აუხსენით საზოგადოებას, რატომ დაარღვიეთ კანონი".

ხუნდაძემ უპასუხა:

"ვაღიარებ, რომ დავარღვიე კანონი. ის, რომ მე ჩემს ექიმ კოლეგებთან ერთად დავდიოდი რეგიონებში, დილით აღმოსავლეთში ვიყავით, საღამოს დასავლეთში. რამდენიმე დღე სახლამდეც ვერ მივდიოდით. ალბათ წუწუნში არ ჩამითვლით, კვების ობიექტებიც არ მუშაობდა. მე, ჩემი კოლეგები და მძღოლი ვიფარგლებოდით სნიკერსით, რომ ჩვენი საქმე გვეკეთებინა და რაღაც ენერგია გვქონოდა. და ამ დროს მწერენ, მითხარით ერთი, რა ინსტრუმენტებით ამოწმებთ ამ კლინიკებსო.

ეს რას ჰგავდა, იცით? მე ასეთი აღქმა გამიჩნდა – როცა ებრძვი მტერს და ამ დროს შენი მეზობელი გწერს, მითხარი ერთი, რა იარაღი გიჭირავს, რითი ებრძვიო. ამ დროს უნდა მობრუნდე და წერილის წერა დაიწყო. მე ნამდვილად დავარღვიე მაშინ კანონი, მაგრამ არ დამირღვევია მორალური კანონი. თქვენ მთხოვდით, გამომეფინა ის კლინიკები, სადაც დარღვევები ნამდვილად იყო. მაგრამ მე გავითვალისწინე მორალური მხარე, რაშიც დავთმე ჩემი სადეპუტატო ვალდებულება და დავარღვიე, რომ ექიმები, რომლებიც წინა ხაზს იკავებდნენ და იბრძოდნენ, არ გამოვააშკარავე. იმიტომ რომ არ იყო ისეთი დარღვევები, რომლებიც მაინცდამაინც ამის ვალდებულებას გამიჩენდა. ამ ექიმებთან მე, როგორც სადამსჯელო რაზმი კი არ ვიყავი ჩასული, მათთან ერთად ვალაგებდი, რომ კლინიკებში ინფექციის გავრცელება არ ყოფილიყო. კონტროლი ყოფილიყო, სწორად განაწილებულიყო სივრცეები, მედპერსონალის მორიგეობები სწორად განაწილებულიყო, პრობლემები ნაკლები ყოფილიყო, რომ იმ რესურსით, რაც ქართულ ჯანდაცვას გააჩნდა, მზად ვყოფილიყავით შესაძლო ტალღისებული და ნახტომისებური ზრდისათვის".

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე, სადაც ეს განცხადებები გაკეთდა, კენჭი უნდა უყარონ კანონპროექტს, რომელიც საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას ითვალისწინებს და ისეთ ღონისძიებებსაც მოიცავს, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

მაისში კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, მიზეზად კი ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაასახელა. 22 მაისს პრეზიდენტმა მას ხელი მოაწერა. თავდაპირველად კანონპროექტის მოქმედების ვადა 15 ივლისამდე განისაზღვრა, თუმცა, ახლა ხელისუფლებას მისი 1 იანვრამდე გაგრძელება სურს.

ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, ამასთან, ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს. გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია.

კომენტარები