დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძე: დავიწყებ მაჟორიტარული სისტემის მხარდამჭერი 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მცხეთის მაჟორიტარმა დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აპირებს, ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს მაჟორიტარული სისტემის მხარდასაჭერად.

"გავალთ ხალხში, გავაცნობთ ჩვენს კანონპროექტს. ჩვენ ვიცავთ ყველა პროცედურულ საკითხს. ჩვენ ვიცავთ ასევე შიდა გუნდურს წესებს.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი ეს პროცესი გაგვეგრძელებინა ისე, როგორც ჩვენ დავაანონსეთ.

მაქვს უფლება, მითუმეტეს, პროცედურების დაცვით, რომ გავიდე ხალხში, შევაგროვო 200 ათასი ხელმოწერა და გამოვიტანო სამსჯელოზე კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ორ პალატიან სისტემას, ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რომელიც იქნება გარანტი სტაბილურობის." - ამბობს მცხეთის მაჟორიტარი.

ხუნდაძე იმასაც აცხადებს, რომ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ნაადრევად მიაჩნია.

4 დეკემბერს, ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. მიზანი 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაა. საინიციატივო ჯგუფი 10 დეპუტატისგან შედგება. ხუნდაძე ამბობს, რომ კანონპროექტის ინიცირებაზე უმრავლესობასთან ვერ თანხმდება და ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.

კომენტარები