ევროპარლამენტი

რურუას გათავისუფლება - ევროპარლამენტში ასოცირების შეთანხმების ანგარიშის შესწორება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშში, რომელსაც კენჭს დღეს, 13 ივლისს უყრიან 165 შესწორება მომზადდა. შესწორებებში საუბარია კანონის უზენაესობაზე, მედიის თავისუფლებაზე და 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე.

შესწორებებში ნახსენებია გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხიც.

43-ე შესწორებაში, რომელიც რაფაელ გლუკსმანმა მოამზადა ნათქვამია, რომ ყველა პოლიტპატიმარი არ არის გათავისუფლებული:

"მივესალმებით ოპოზიციის ორი ლიდერის გათავისუფლებას, როგორც [8 მარტის შეთანხმების] სრული იმპლემენტაციისაკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს, მაგრამ ვწუხვართ, რომ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლებულა".

46-ე შესწორებაში, რომელიც ანა ფოტიგამ, ჰერმან ტერჩშმა, კოსმა ზლოტოვსკიმ, იაჩეკ სარიუზ-ვოლსკიმ მოამზადეს ნათქვამია, რომ მიესალმებიან საკონსტიტუციო ცვლილებებს და გიგი უგულავას და ირკალი ოქრუაშვილის შეწყალებას.

"ველით, რომ როდესაც საქართველოს პარლამენტი მუშაობას გაანაახლებს მომდევნო კვირებში, შეთანხმებული საარჩევნო სისტემის ცვლილებები მოხდება და გათავისუფლდება გიორგი რურუა, მედიის მფლობელი, რომელიც ნოემბერში დააკავეს".

იგივეა ნათქვამი 52-ე შესწორებაში, რომელიც ანდრეა ჰალიცკის ეკუთვნის:

"ველით...საპატიმროდან გიორგი რურუას გათავისუფლებას 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების თანახმად".

66 შესწორება ანდრიუს კუბილიუსს, რასა იუკნევიჩიანეს, სანდრა კალნიეტეს და მირიამ ლექსმანს ეკუთვნით. მასში ხაზგასმულია მედიის თავისუფლების მნიშვნელობა და ნახსენებია ტელეკომპანია მთავარის წინააღმდეგ სასამართლოში არსებული საქმეები, მათი მეწილის, ნიკა რურუას დაპატიმრება, ფინანსურ და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით საქმეების აღძვრა ტელეკომპანია პირველის და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ და აჭარის ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების და რედაქტორების გათავისუფლება:

"ხაზს ვუსვამთ მედია თავისუფლების მნიშვნელობას, რომელიც უნდა იყოს მომავალი საარჩევნო კამპანიისას ყველა პოლიტიკური პარტიისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი, პლურალისტულად და არა-დისკრიმინაციულად აშუქებდეს პოლიტიკურ შეხედულებებს როგორც საჯარო ასევე კერძო მაუწყებლების პროგრამებში. ნათელი პირობებით უნდა რეგულირდებოდეს უფასო და ფასიანი რეკლამები და მედია მონიტორინგის მეშვეობით უნდა გაუმჯობესდეს გამჭვირვალობა. ხაზს ვუსვამთ დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია ლანდშაფტის მნიშვნელობას, რომელიც მთავრობის ან სახელმწიფოს სხვა ჩარევებისგან თავისუფალია. ვცნობთ, რომ საქართველოს მედია ლანდშაფტი პლურალისტული და დინამიურია, მაგრამ ასევე პოლარიზებული. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ მთავრობისადმი კრიტიკული მედიები ხშირად ხდებიან ზეწოლის საგნები სასამართლო დავების ფორმით მათი დამფუძნებლების წინააღმდეგ (ნიკა გვარამია და ტელეკომპანია მთავარი), მეწილეების დაპატიმრებით (გიორგი რურუა და ტელეკომპანია მთავარი), ფინანსური და გადასახადებთან დაკავშირებული ბრალდებებით (ავთანდილ წერეთელი და ტელეკომპანია პირველი) და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების და რედაქტორების სამსახურიდან გათავისუფლებით (აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი)".

იგივე არის ნათქვამი 70-ე შესწორებაშიც, რომელიც ანა ფოტიგამ, ჰერმან ტერჩშმა, კოსმა ზლოტოვსკიმ, იაჩეკ სარიუზ-ვოლსკიმ მოამზადეს.

79 შესწორება კი ანდრიუს კუბილიუსმა, რასა იუკნევიჩიანემ, სანდრა კალნიეტემ და მირიამ ლექსმანმა მოამზადეს და მასში შეშფოთება არის გამოთქმული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სასამართლოში აღძრული საქმეების თაობაზე:

"გამოვხატავთ შეშფოთებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სასამართლოში აღძრული საქმეების თაობაზე, რაც ხელს უწყობს უნდობლობის და გაზრდილი დაძაბულობის კლიმატის შექმნას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის და მივყავართ საზოგადოების და პოლიტიკის პოლაზირებამდე. მოვუწოდებთ საქართველოს პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობის და სამართლიანი სასამართლოს უმაღლეს სტანდარტებს. მივესალმებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ 2020 წლის 15 მაისს ოპოზიციის ორი დაკავებული ლიდერის შეწყალებას, როგორც 8 მარტის შეთანხმების შესრულების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნველოვან ნაბიჯს და ველით გიორგი რურუას გათავისუფლებას. მოვუწოდებთ შეწყდეს პოლიტიზებული სასამართლოს ნებისმიერი ქმედება და ნებისმიერი ტიპის არალეგალური და უსამართლო ადმინისტრაციული პროცედურა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ".

იგივე არის ნათქვამი 82-ე შესწორებაშიც, რომელიც პეტრას აუშტრევიჩიუსმა, ილჰან კიუჩიუკმა, ურმას პაეტმა, დრაგოშ ტუდორაჩმა, ხავიერ ნარტმა, ნატალი ლუაზომ, მალიკ აზმანიმ და ბარტ გროსუისმა მოამზადეს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშის განხილვა მაისში გაიმართა. დოკუმენტი ევროპარლამენტის წევრმა, სვენ მიქსერმა შეადგინა. ვრცლად ანგარიშში განხილული საკითხების შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები