კომუნიკაციების კომისია

ტელეკომუნიკაციების კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა გადაიდო

პარლამენტი

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დღეს, 13 ივლისს აღარ ჩატარდება. 

როგორც ქართული ოცნების დეპუტატი განმარტავს, ჯერჯერობით პროვაიდერებსა და კომუნიკაციების კომისიას შორის კონსენსუსი არ შემდგარა. შესაბამისად, განხილვა 14 ივლისს ჩატარდება, რათა ეს დრო შეთანხმების მისაღწევად გამოიყენონ. 

"ჩემი შეთავაზება კომიტეტისთვის იქნება, რომ დღესაც გადაიდოს მოსმენა, რათა მაქსიმალურად იქნას მიღწეული კონსენსუსი პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის იმიტომ, რომ, გასაგებია, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობაზე, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს აუცილებელი ზედამხედველობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მაქსიმალური ურთიერთგაგება". – თქვა რომან კაკულიამ. 

კომუნიკაციების კომისიის საკანონმდებლო ინიციატივა თავდაპირველად ითვალისწინებდა ცვლილებებს როგორც მაუწყებლის, ისე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში, თუმცა, მედიის მიერ კრიტიკის გამოთქმის შემდეგ მაუწყებლის კანონის ნაწილი უკან გაიწვია. პარლამენტი მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტს განიხილავს.

მთავრობის ინიციატივის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას მიენიჭება უფლებამოსილება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში ორი წლით სპეციალური მმართველი დანიშნოს, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება ექნება.

10 ივლისს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე სექტორის წარმომადგენელმა ბიზნესმენებმა კანონპროექტი გააკრიტიკეს და მას "სიგიჟე" და "კრეტინიზმი" უწოდეს. კრიტიკოსებს შორის იყვნენ მაგთის უმსხვილესი აქციონერი, გია ჯოხთაბერიძე, სილქნეტის მფლობელი, გიორგი რამიშვილი და ტელეკომპანია იმედის 100%-იანი წილის მფლობელი, ირაკლი რუხაძე. 

ინიციატივის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები