აშშ-ირანი

პომპეომ სოლეიმანზე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიშს ყალბი უწოდა

მაიკ პომპეო
Dunia-rmol

ხუთშაბათს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიშზე ილაპარაკა. ანგარიში ეხებოდა ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის სარაკეტო თავდასხმით მოკვლას. ადამიანის უფლებათა საბჭოს დასკვნით სოლეიმანის მკვლელობა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. დასკვნა გააკრიტიკა მაიკ პომპეომ და მას ყალბი უწოდა.

პომპეოს განცხადებით აშშ-მ საერთაშორისო სამართლის ნორმების ფარგლებში გამჭვირვალედ აჩვენა სოლეიმანზე თავდასხმის საჭიროება. პომპეოს თქმით, აშშ ყოველთვის იმოქმედებს თავდაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.

"ჩვენ უარვყოფთ გაეროს სპეციალური მომხსენებლის ყალბ ანგარიშს ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის სარაკეტო თავდასხმით მოკვლაზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამჭვირვალედ აჩვენა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში თავდასხმის საფუძველი და ყოველთვის იმოქმედებს ამერიკის დასაცავად" - დაწერა მაიკ პომპეომ Twitter-ზე.

გაეროს სპეციალური მომხსენებლის აგნეს კალამარდის განცხადებით, აშშ-მ არ წარმოადგინა საკმარისი სამხილები თავდასხმის საჭიროების დასადასტურებლად და იმის დასამტკიცებლად, რომ ყასემ სოლეიმანი საფრთხეს წარმოადგენდა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური ქვედანაყოფის, ყუდსის მეთაური, ყასემ სოლეიმანი მოკლეს ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ს მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას 3 იანვარს. უფრო მეტი ყასემ სოლეიმანის შესახებ წაიკითხეთ აქ

კომენტარები