დასავლელი პარტნიორების კრიტიკა

ღარიბაშვილი დასავლელ პარტნიორებზე: ბევრი ოპოზიციურ ლიდერებთან ახლო კავშირშია შემჩნეული

რაც შეეხება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მათი მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებულ არაერთ, სამწუხაროდ, არაობიექტურ და გადაჭარბებულ შეფასებებს, მე არ მინდა, სპეკულაციები გავაგრძელო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, რომ ბევრი მათგანი არის შემჩნეული ღიად ჩვენი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ახლო კავშირში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის პირდაპირი მინიშნება მათ მიკერძოებულობაზე. 

ზოგიერთი მათგანის მხრიდან ჩანს აბსოლუტური არაკომპეტენტურობა და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეების აბსოლუტური არცოდნა. ჩვენ მოვისმინეთ, მაგალითად, აღმაშფოთებელი შეფასება, რომ, თითქოს, ბატონი ივანიშვილი წარმოადგენს დესტაბილიზაციის წყაროს. ადამიანი, რომელიც დღეს ამას იტყვის, უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება დღეს საქართველოში. ვინაიდან, ბატონი ივანიშვილი, თუ გადავხედავთ მის მმართველობის პერიოდს, არის სტაბილიზაციის, სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი ქვეყანაში. მისმა მმართველობამ მოიტანა ერთადერთი უნიკალური, იშვიათი, 8-წლიანი მშვიდობიანი მმართველობის ხანა.  

აქვე მინდა ვაღიარო, რომ ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაც არის ის, რომ უფრო მეტ კომუნიკაციაში ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის, ნებისმიერ კონგრესმენთან, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა არა ცალკეულ კონგრესმენებთან, არამედ, ჩვენ გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებულ შტატებში, და არა 13, 10 თუ 3 კონგრესმენი.

ამბობს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დასავლელი პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ იმედის ეთერში.

კომენტარები