აშშ-ჩინეთი

პომპეო: შესაძლოა, აშშ-მ ჩინური სოცმედიააპლიკაციები აკრძალოს

მაიკ პომპეო
The Hill

ორშაბათს Fox News-თან საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ განიხილავდა ჩინური სოციალური მედიააპლიკაციების, მათ შორის TikTok-ის აკრძალვის შესაძლებლობას.

“მხოლოდ მაშინ უნდა ჩამოქაჩოთ ეს აპლიკაცია, თუ გსურთ თქვენი პირადი ინფორმაცია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელში აღმოჩნდეს”. – თქვა პომპეომ. 

პოპულარული აპლიკაცია TikTok-ი ჩინურმა კომპანიამ, ByteDance-მა შექმნა საზღვარგარეთის ქვეყნების ბაზრებისთვის. TikTok-ი არის ჩინური აპლიკაციის Douyin-ის ანალოგი. ეს ერთი და იგივე აპლიკაციაა, რომლებიც სხვადასხვა სერვერზეა განთავსებული, რათა აპლიკაციის ჩინური ვერსია ჩინეთის რეგულაციებს შეესაბამებოდეს.

აპლიკაციას ადანაშაულებენ ჩინეთის სახელმწიფოსთან კავშირსა და მომხმარებელთა ინფორმაციის ჩინეთში გაგზავნაში.

TikTok-ის წარმომადგენლების განცხადებით ის ByteDance-ისგან დამოუკიდებლად მუშაობს და არ დაემორჩლება ჩინეთის თხოვნას, გადასცეს მას მომხმარებლების პირადი მონაცემები, ან ცენზურა დაადოს აპლიკაციაში განთავსებულ ვიდეოებს. 

თუმცა, 2019 წელს, როდესაც თინეიჯერმა TikTok-ის ვიდეოში სინძიანის საკონცენტრაციო ბანაკებზე ილაპარაკა, მას ანგარიში დაუბლოკეს.

გასულ თვეს ინდოეთმა TikTok-ი და კიდევ 58 ჩინური აპლიკაცია აკრძალა. ინდოეთის მთავრობის განცხადებით, აპლიკაციები ინდოეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 

აკრძალვას წინ უძღოდა 15 ივნისს გალვანის ხეობაში, ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვარზე მომხდარი დაპირისპირება, რასაც 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა და 76 დაშავდა.

ინდოეთის ინფორმაციის ტექნოლოგიის სამინისტრომ ჩინური აპლიკაციები მას შემდეგ აკრძალა, რაც მათზე სხვადასხვა წყაროდან არაერთი საჩივარი მიიღო, რომ აპლიკაციებით იპარავდნენ და ფარულად, უნებართვოდ გზავნიდნენ მომხმარებელთა ინფორმაციას.

კომენტარები