ბაჩანა შენგელიას საქმე

საია საკონსტიტუციო სასამართლოში ბაჩანა შენგელიას ინტერესებს დაიცავს

ბაჩანა შენგელია

საია საკონსტიტუციო სასამართლოში ბაჩანა შენგელიას ინტერესებს დაიცავს. 

ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა Faceboook-ზე გამოქვეყნებული კრიტიკული პოლიტიკური შეფასებების გამო შეუზღუდა.

ნოტარიუსის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვას საქართველოს იუსტიციის მინისტრის #69 ბრძანება ადგენს. მასში 2020 წლის 22 მაისს შესული ცვლილებების თანახმად, ამ პრინციპის დარღვევა მძიმე დისციპლინური გადაცდომაა და ითვალისწინებს უფლებამოსილების შეჩერებას ერთი თვიდან 2 წლამდე ვადით. 

საია-ს შეფასებით, იუსტიციის მინისტრის აღნიშნული ბრძანება ახდენს გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებას. ბრძანების თანახმად, ნოტარიუსს ევალება მხოლოდ ნეიტრალური შინაარსის განცხადებების კეთება პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, ხოლო პოლიტიკური განცხადებების კეთება, მათ შორის, პირად facebook გვერდზე, აკრძალულია. აღნიშნული ბრძანება ნოტარიუსის გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია „მხოლოდ კანონის შესაბამისად“, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, მათ შორის, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესება. მსგავსი შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება მხოლოდ პარლამენტს გააჩნია[1]. საქართველოს იუსტიციის მინისტრის #69-ე ბრძანება შინაარსობრივი შეზღუდვების დაწესებით არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებასაც. ამის გამო საია ითხოვს განმწესრიგებელ სხდომაზე არსებითი განხილვის გარეშე გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.

გარდა ამისა, საიას სარჩელით წარდგენილი აქვს არგუმენტები, რომლითაც ამტკიცებს, რომ ნოტარიუსის ფეისბუქის პირად გვერდზე პოლიტიკური სიმპათიის ან ანტიპათიის გამოხატვის გამო ნოტარიუსის დასჯა არის არაპროპორციული ღონისძიება და წარმოადგენს ნოტარიუსის, როგორც საქართველოს მოქალაქის პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებაში მძიმე ფორმით ჩარევას.

საიას თქმით, ასეთი ღონისძიება ვერ იქნება გამართლებული ვერცერთი ლეგიტიმური მიზნით. ამასთან სანქცია, რაც პოლიტიკური განცხადების გაკეთების შემთხვევაში ნოტარიუსს ეკისრება, არის არაადეკვატურად მკაცრი. პოლიტიკური განცხადების გაკეთება მიჩნეულია მძიმე ტიპის გადაცდომად და პირველივე შემთხვევაშიც კი ითვალისწინებს ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერებას.

საია-ში აცხადებენ, რომ ამ მკაცრი ღონისძიების გამოყენებას წინ არ უძღვის გაფრთხილება ან საყვედური, რაც გათვალისწინებულია მსუბუქი და საშუალო დისციპლინური გადაცდომისათვის

29 ივნისს, ნოტარიუსმა ბაჩანა შენგელიამ იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ სანოტარო საქმიანობა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო შეუჩერეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით წერეთელმა წულუკიანის უწყებას შენგელიასთვის შეჩერებულ სანოტარო სისტემებზე წვდომის აღდგენა პირველ ივლისს დაავალა, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილება არ შეუსრულებია და შენგელიას სანოტარო სისტემებზე წვდომა კვლავ შეზღუდული აქვს. 

 

კომენტარები