ბაჩანა შენგელიას საქმე

ბაჩანა შენგელია: იუსტიციის სამინისტრომ ნოტარიუსის საქმიანობა Facebok პოსტების გამო შემიზღუდა

ბაჩანა შენგელია
იუსტიციის სამინისტრო

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია იუსტიციის სამინისტროსგან მიღებულ წერილს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სანოტარო საქმიანობა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო შეუჩერეს.

"გენერალური ინსპექციის სამახურეობრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმდა თქვენი, როგორც ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას Facebook გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია (შემოწმდა ბოლო ერთთვიანი პერიოდი). შედეგად დადგინდა, რომ თქვენ – ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებთ მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებთ პოლიტიკურ შეფასებებს". – ნათქვამია წერილში.

ფოტო: ბაჩანა შენგელია
ბაჩანა შენგელია ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილია. ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და სანოტარო საქმიანობის შეზღუდვის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

შენგელიას შესახებ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ევროპული საქართველოს დეპუტატებმა 26 ივნისს პარლამენტში ჰკითხეს. მინისტრმა თქვა, რომ აკრძალულია ნოტარიუსის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში. ამასთან, წულუკიანმა დეპუტატებს მოუწოდა, საქმე არ "გააპოლიტიზირონ" და საზოგადოებას არ აფიქრებინონ, რომ ბაჩანა შენგელია პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თეა წულუკიანმა უწყებიდან თანამშრომლები ფეისბუქპოსტების გამო გაათავისუფლა. მინისტრმა თამაზ ახობაძესთან და ანა სუბელიანთან საქმე სასამართლოშიც წააგო.

რაც შეეხება ბაჩანა შენგელიას დედის, ია კერზაიას საქმეს, სკოლის დირექტორი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ უძღოდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური თვალსაზრისით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს მრავალჯერ შესთავაზეს მუშაობა ქართული ოცნების სასარგებლოდ, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს ბაჩანა შენგელიამ გამოაქვეყნა ის ანონიმური წერილი, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. 8 თებერვალს განათლების მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ავტორის ვინაობის დადგენა.

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, "დანაშაულის არარსებობის გამო" გამოძიება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა. უწყების თქმით, არ დადასტურდა, რომ "ადგილი ჰქონდა "ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას".

6 ნოემბერს კი სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ შენგელიას სარჩელი დაარეგისტრირა.

კომენტარები